---
title: "მუხლი 23. შეტყობინება დებიტორული დავალიანების ფაქტორისთვის გადაცემის შესახებ — ფაქტორინგის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/23"
law: "ფაქტორინგის შესახებ"
article: "23"
identifier: "matsne 6825189"
adopted: "2026-04-01"
consolidated_as_of: "2026-04-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. შეტყობინება დებიტორული დავალიანების ფაქტორისთვის გადაცემის შესახებ — ფაქტორინგის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფაქტორინგის შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2026-04-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/23

1. ფაქტორის მიერ შეძენილ, საგადასახადო ანგარიშფაქტურით ან ინვოისით გათვალისწინებულ დებიტორულ დავალიანებას იმავე ანგარიშფაქტურით ან ინვოისით განსაზღვრული მოვალე იხდის. მოთხოვნის დამთმობი მხარე ვალდებულია დებიტორული დავალიანების ფაქტორისთვის გადაცემიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა მოვალეს წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) შეატყობინოს ამის შესახებ და მიაწოდოს აღნიშნული დებიტორული დავალიანების გადახდისთვის საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი საგადასახადო ანგარიშფაქტურა ან ინვოისი, ფაქტორისთვის გადაცემული დებიტორული დავალიანების მოცულობის შესახებ ინფორმაცია, მისი გადახდის პირობები და საგადასახადო ანგარიშფაქტურიდან ან ინვოისიდან გამომდინარე დებიტორული დავალიანების მესაკუთრე ფაქტორის საბანკო რეკვიზიტები.

2. დებიტორული დავალიანების ფაქტორისთვის გადაცემის შესახებ წერილობითი შეტყობინება მოვალისთვის ჩაბარებულად ითვლება ფაქტორინგის ხელშეკრულების ფაქტორინგის რეესტრში რეგისტრაციიდან მომდევნო სამუშაო დღეს.

3. ⁠ფაქტორი ვალდებულია მოვალის მიერ ფაქტორის მიმართ არსებული დებიტორული დავალიანების სრულად დაფარვისთანავე, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ფაქტორინგის რეესტრში დაარეგისტრიროს შესაბამისი საგადასახადო ანგარიშფაქტურიდან ან ინვოისიდან გამომდინარე დებიტორულ დავალიანებაზე საკუთრების უფლების შეწყვეტა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/24.md
