---
title: "მუხლი 9. პირის ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაცია — ფაქტორინგის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/9"
law: "ფაქტორინგის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 6825189"
adopted: "2026-04-01"
consolidated_as_of: "2026-04-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. პირის ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაცია — ფაქტორინგის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფაქტორინგის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2026-04-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/9

1. პირი ვალდებულია დარეგისტრირდეს ფაქტორინგულ კომპანიად, თუ მას მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, დროის ნებისმიერ მონაკვეთში აქვს მოთხოვნის უფლება ერთდროულად სულ მცირე 5 დებიტორულ დავალიანებაზე.

2. პირს უფლება აქვს, განახორციელოს ფაქტორინგი მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მისი ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაციის შემდეგ.

3. ფაქტორინგული კომპანიის რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.

4. საქართველოს ეროვნული ბანკი რეგისტრირებული ფაქტორინგული კომპანიების შესახებ ინფორმაციას თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეგისტრაციის ვალდებულება არ ვრცელდება საწარმოთა რეორგანიზაციასთან, შერწყმასთან ან/და დებიტორული დავალიანების „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადაცემასთან დაკავშირებულ შემთხვევებზე. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გარიგების სპეციფიკისა და შინაარსის გათვალისწინებით დაადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეგისტრაციის ვალდებულებიდან გამონაკლისი შემთხვევები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/10.md
