---
title: "მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები — ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6905225-tsiv-gomboris-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/2"
law: "ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 6905225"
adopted: "2026-06-24"
consolidated_as_of: "2026-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები — ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2026-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6905225-tsiv-gomboris-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/2

1. ამ კანონის ძირითადი მიზნებია:
ა) უზრუნველყოს ცივ-გომბორის ეროვნული პარკის შექმნა;
ბ) უზრუნველყოს სიღნაღის აღკვეთილის შექმნა;
გ) უზრუნველყოს ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის შექმნა;
დ) მოაწესრიგოს ამ პუნქტით განსაზღვრული ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების მართვის მექანიზმები.

2. ამ კანონის ძირითადი ამოცანებია:
ა) ცივ-გომბორის ეროვნული პარკის შექმნით უზრუნველყოს გომბორის ქედზე არსებული, ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნებით გამორჩეული მთის, ტყისა და მდელოს ეკოსისტემების დაცვა და შენარჩუნება, აგრეთვე ბუნებრივ გარემოში ეკოტურისტული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობების განხორციელება;
ბ) სიღნაღის აღკვეთილის შექმნით უზრუნველყოს გომბორის ქედზე არსებული ეკოლოგიური დერეფნის უკიდურესი სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილის ბოლოში მდებარე, ველური ბუნების მეტად მნიშვნელოვანი მონაკვეთების დაცვა, აღდგენა და მოვლა ველურ ბუნებასთან შეწყობილ სისტემაში ეკოტურისტული საქმიანობის განვითარებისთვის. აღნიშნული ტერიტორია ხოხბის, გნოლის, კაკბისა და ქედნის საბინადრო გარემოა;
გ) ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის შექმნით უზრუნველყოს ეროვნული მნიშვნელობის მქონე, დიდი ესთეტიკური და ისტორიულ-კულტურული ღირებულებით გამორჩეული, ადამიანის ბუნებასთან ურთიერთობით შექმნილი ლანდშაფტის დაცვა და შენარჩუნება, აგრეთვე ამ ტერიტორიაზე ტრადიციული/მდგრადი საქმიანობის განვითარება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6905225-tsiv-gomboris-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6905225-tsiv-gomboris-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/3.md
