---
title: "მუხლი 9. ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების დაცვისა და ამ ტერიტორიებით სარგებლობის რეჟიმი — ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6905225-tsiv-gomboris-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/9"
law: "ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 6905225"
adopted: "2026-06-24"
consolidated_as_of: "2026-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების დაცვისა და ამ ტერიტორიებით სარგებლობის რეჟიმი — ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2026-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6905225-tsiv-gomboris-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/9

1. ამ კანონით განსაზღვრული ცივ-გომბორის ეროვნული პარკის, სიღნაღის აღკვეთილისა და ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიებზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე დასაშვებია კვლევითი, სარეაბილიტაციო და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება და მათი მოვლის ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ამ კანონით განსაზღვრული ცივ-გომბორის ეროვნული პარკის, სიღნაღის აღკვეთილისა და ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიებზე დაშვებული საქმიანობები/ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, შესაბამისად.

3. ამ კანონით განსაზღვრული ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე დასაშვებია:
ა) გარემოს და ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა, მოვლა-პატრონობა და აღდგენა;
ბ) მანიპულაციური მეცნიერული კვლევის ჩატარება, ბუნებრივი ეკოსისტემებისა და მათ ფარგლებში ბუნებრივად გავრცელებული სახეობების კონსერვაცია და აღდგენა;
გ) რეკრეაციული, ტურისტული და საგანმანათლებლო საქმიანობების განხორციელება;
დ) ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით, ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრულ შემთხვევებში დაშვებული საქმიანობების განსახორციელებლად ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) ტურიზმისა და ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა, სახელმწიფოებრივი, ადგილობრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა;
ვ) ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში მდინარეებზე (წყლის დინებებზე), უპირატესად − ძირითადი მდინარეების შენაკადებზე სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის ვიზუალური მხარის შენარჩუნებით;
ზ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით (მათ შორის, ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით) გათვალისწინებული სხვა დაშვებული საქმიანობების განხორციელება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6905225-tsiv-gomboris-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6905225-tsiv-gomboris-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/10.md
