---
title: "მუხლი 14. ელექტროენერგიის მიწოდებისა და მომსახურების შეწყვეტა — „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/14"
law: "„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "14"
identifier: "20"
adopted: "2008-09-18"
consolidated_as_of: "2021-06-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2021-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. ელექტროენერგიის მიწოდებისა და მომსახურების შეწყვეტა — „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2021-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2021-07-01.
> Cite as: „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2021-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/14

1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომარაგების გეგმურ წყვეტამდე სარემონტო სამუშაოების შესახებ, ტექსტური შეტყობინებით აცნობოს შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს სამუშაოების დაწყებამდე არაუმეტეს 5 და არანაკლებ 1 კალენდარული დღით ადრე მაინც. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, შეტყობინებაში ზუსტად მიუთითოს სამუშაოების დაწყების დრო და ხანგრძლივობა. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი სამუშაოების შედეგად მომარაგება უწყდება თვითმმართველ ქალაქში არანაკლებ 3000 მომხმარებელს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტში არანაკლებ 500 მომხმარებელს, ზემოაღნიშნულ ვადაში განაწილების ლიცენზიატმა ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მედიასაშუალებებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ განაწილების ლიცენზიატი ვერ ახერხებს გეგმური წყვეტის თაობაზე მომხმარებლის წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვას, ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა უნდა გადავადდეს. ამასთან, თუ განაწილების ლიცენზიატისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ ხდება მომხმარებელთა წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვა, მომხმარებელთა ინფორმირება უნდა მოხდეს მოსალოდნელი წყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე.

1¹. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, შესაძლო მოკლე ვადაში აღმოფხვრას არაგეგმური წყვეტა. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგების აღდგენა საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, რთული სამუშაოს კატეგორიის მინიჭებისთანავე, შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს აცნობოს ტექსტური შეტყობინებით, გათიშვის ზუსტი მიზეზი და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგება შეუწყდა თვითმმართველ ქალაქში არანაკლებ 3000 მომხმარებელს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტში არანაკლებ 500 მომხმარებელს, ზემოაღნიშნულ ვადაში განაწილების ლიცენზიატმა, ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მის ოფიციალურ ვებგვერდზე.

2. თუ მომხმარებელი ერთი თვის განმავლობაში ზედი­ზედ ორჯერ განზრახ არ დაუშვებს განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელს ელექტროენერგიის მრიცხველთან, მას უფლება აქვს შეუწყვიტოს მომხმა­რებელს ელექტროენერგიით მომარაგება. მომხმარებლის მიერ განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლის ელექტროენერგიის მრიცხველთან არდაშვებად მიიჩნევა მხოლოდ მომხმარებლის მიერ წარმომადგენლის საქმიანობისთვის აშკარა ხელის შეშლა.

3. მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას განაწი­ლე­ბის ლიცენზიატის მომსახურებაზე, რის შესახებაც მან 10 დღით ადრე მაინც უნდა აცნობოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს. ამ შემთხვევაში მომხმარე­ბელი ვალდებულია მოახდინოს საბოლოო ანგარიშს­წორება (აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება ამ წესების 28-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე).

4. მომსახურების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მომ­ხმა­რებელს მოხმარებული ელექტროენერგიის საფა­სურის გადახდის ვალდებულებისაგან.

5. მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის ან/და განაწილების ლიცენზიატის მიერ მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს საბოლოო ანგარიშსწორების შედეგად წარმოქმნილი გადაუხდელი თანხა მოსთხოვოს ან/და დაარიცხოს გადახდაზე პასუხისმგებელ პირს (ამ წესების მე-4 მუხლით დადგენილი წესის დაცვით განსაზღვრულ გადახდაზე პასუხისმგებელ პირს) ან დარიცხული დავა­ლიანება გადაიტანოს ამ მომხმარებლის ახალ მისამარ­თზე (ამ განაწილების ლიცენზიატის არეალში მომხმა­რებლის სხვა მისამართზე გადასვლის შემთხვევაში).

6. თუ ელექტროენერგიის მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გაუარესებას ან მომხმარებლისთვის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს დარიცხულ დავალიანებასთან მიმართე­ბაში და აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდება განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლისათვის, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, გაითვალის­წინოს ეს გარემოება და განსაზღვროს დარიცხული დავალიანების გადახდისა და ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის დამატებითი ვადა (გონივრული ვადა), რომელიც არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები. დამატებითი ვადის განსაზღვრის შემთხვევაში, უნდა შედგეს შესაბამისი ოქმი და გადაეცეს მომხმარებელს ამ წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესი ასევე ვრცელდება ელექტროენერგიის უკანონო მოხმარე­ბის შემთხვევაზე. ასეთი ფაქტის დაფიქსირების შემდგომ პერიოდზე, აღრიცხვიანობის მოწესრიგებამდე მოხმა­რებული ელექტროენერგიის დარიცხვა არ უნდა განხორ­ციელდეს ისე, როგორც ეს გათვალისწინე­ბულია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების შემთხვევაში.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს  დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №17- ვებგვერდი, 27.07.2017 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/15.md
