---
title: "მუხლი 25². მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ საცალო მომხმარებელთან აღრიცხვა-ანგარიშსწორების წესი — „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/25-2"
law: "„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "25^2"
identifier: "20"
adopted: "2008-09-18"
consolidated_as_of: "2021-06-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2021-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25². მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ საცალო მომხმარებელთან აღრიცხვა-ანგარიშსწორების წესი — „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2021-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2021-07-01.
> Cite as: „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 25² (consolidated as of 2021-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/25-2

1. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული და გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობა აღირიცხება ცალ-ცალკე, ორმიმართულებიანი (რევერსული) მრიცხველით.

2. განაწილების ლიცენზიატმა ანგარიშსწორების ქვითარში უნდა ასახოს:
ა) საანგარიშო პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა;
ბ) საანგარიშო პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობა;
გ) საანგარიშო პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიასა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მიღებულ ელექტროენერგიას შორის სხვაობა, რომელზეც უნდა განხორციელდეს ანგარიშსწორება განაწილების ლიცენზიატსა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ საცალო მომხმარებელს შორის ამ მუხლის მე-3 - მე-6  პუნქტებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით.

3. იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული და გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგიის რაოდენობა აღემატება იმავე საანგარიშო პერიოდში შესაბამისი საცალო მომხმარებლის მიერ ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობას, სხვაობა (ქსელში მიწოდებული ჭარბი ელექტროენერგია) ჩაითვლება საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიად და მომდევნო თვის ანგარიშსწორების ქვითარში აისახება კრედიტის სახით (ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგიის რეალიზაცია არის ნულის ტოლი).

4. იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული (გამანაწილებელ ქსელში გადადინებული) და კრედიტის სახით ანგარიშსწორების ქვითარში ასახული (გამანაწილებელ ქსელში გადადინებული) ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობა ნაკლებია იმავე საანგარიშო პერიოდში შესაბამისი საცალო მომხმარებლის მიერ ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე, სხვაობა ჩაითვლება საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მოხმარებულ (შესყიდულ) ელექტროენერგიად, რომელსაც უნდა დაერიცხოს კომისიის მიერ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფი (შესაბამისად, აღნიშნული სხვაობით მიღებული ელექტროენერგია ჩაითვლება განაწილების ლიცენზიატის რეალიზაციად).

5. მიკროსიმძლავრის მფლობელი საცალო მომხმარებლისთვის, 30 კალენდარულ დღეში, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფების დარიცხვა ხდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სხვაობით მიღებულ ელექტროენერგიაზე (კვტ/სთ-ზე).

6. საანგარიშო წლის (კალენდარული წლის პირველი მაისიდან – პირველ მაისამდე პერიოდზე) აპრილის თვის ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით ასახული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგია ჩაითვლება განაწილების ლიცენზიატის მიერ შესყიდულად. შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, საცალო მომხმარებელთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება, შესაბამისი განაწილების ლიცენზიატის სამომხმარებლო ტარიფში კომისიის მიერ გათვალისწინებული, შესყიდული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით.

7. საანგარიშო წლის ანგარიშსწორების შემდეგ, ქვითარში კრედიტის სახით ასახულ ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიაზე დარიცხული თანხა:
ა) აისახება მომხმარებლის სააბონენტო ბარათზე და გაითვალისწინება მომდევნო ანგარიშსწორებისას; ან
ბ) საცალო მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატის მიერ მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გადაირიცხება ამ მომხმარებლის მიერ მითითებულ სა ბანკო ანგარიშზე.

8. მომხმარებელთა ჯგუფის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია:
ა) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ მომხმარებელთან ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად, მათ შორის, ინდივიდუალურად გამოწეროს ქვითარი ინდივიდუალური მრიცხველებისა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მრიცხველის ჩვენებებზე დაყრდნობით;
ბ) მოხმარებული და გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგია გაქვითოს, კრედიტის სახით ასახოს და საანგარიშო წლის აპრილის თვის ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით დარჩენილი ელექტროენერგია ჯგუფის თითოეულ წევრზე გადაანაწილოს ჯგუფის წევრებს შორის შეთანხმებული გაქვითვისა და კრედიტის გადანაწილების პირობის შესაბამისად, ხოლო შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში – თანაბრად;
დ) მომხმარებლის მიერ დარიცხული დავალიანების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, ელექტროენერგიით მომარაგება შეუწყვიტოს იმ მომხმარებელს, რომელსაც ერიცხება დავალიანება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 3 მაისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 10.05.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 14 მარტის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 18.03.2017 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/25-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/26.md
