---
title: "მუხლი 27. მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდა — „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/27"
law: "„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "27"
identifier: "20"
adopted: "2008-09-18"
consolidated_as_of: "2021-06-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2021-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდა — „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2021-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2021-07-01.
> Cite as: „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2021-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/27

1. მომხმარებელი ვალდებულია განაწილების ლიცენზიატს წინასწარ აცნობოს მის მიერ გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, მიმართოს განაწილების ლიცენზიატს „საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის შესახებ“ განაცხადით (განაცხადის სტანდარტულ ფორმას გადაწყვეტილებით ამტკიცებს კომისია). აღნიშნული განაცხადის ფორმა ასევე გამოიყენება, როდესაც ადგილი აქვს მომხმარებლის მიერ უფრო მაღალი ძაბვის საფეხურზე გადასვლის (შეცვლის) მოთხოვნას.

2. „საცალო მომხმარებლის მიერ „ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის შესახებ“ განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების 26-ე და 26
1
მუხლებით, თუ ამ მუხლით მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.

3. მომხმარებელი ვალდებულია, „ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის შესახებ“ განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის საფასურის 50%. დარჩენილი თანხის გადახდა მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს სამუშაოების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ საფასურის გადახდის სხვა პირობებზე.

4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, უარი უნდა იყოს დასაბუთებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი (მოთხოვნა) მიღებულად ჩაითვლება. განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში, განაცხადში მითითებულ ანგარიშზე.

5. თუ 0,4 კვ. (380/220ვ.) და 6/10 კვ ძაბვის მომხმარებელი ელექტროენერგიის ფაქტობრივი მოხმარების სიმძლავრეს გაზრდის ტექნიკური პირობით გათვალისწინებულ მისაერთებელ სიმძლავრეზე მეტით ისე, რომ საჭიროა მიერთების ტექნიკური პირობის შეცვლა ან/და ითხოვს მაღალი ძაბვის საფეხურზე გადასვლას (შეცვლას), ასეთ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატის მიერ უნდა მოხდეს ახალი ტექნიკური პირობის გაცემა და ამ მომხმარებლის ელექტრომომარაგების სისტემის მოწყობა (სრული ტექნოლოგიური ციკლით უზრუნველყოფა) ახალი ტექნიკური პირობის მოთხოვნების შესაბამისად, ამასთან, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის საფასური, რომელიც იანგარიშება შემდეგნაირად:
ა) თუ გაზრდილი (მოთხოვნილი) სიმძლავრე ან/და მოთხოვნილი ძაბვის საფეხური გადადის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების სხვა შეთავაზებულ პაკეტში, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების შესაბამისი პაკეტის საფასურს, გამოკლებული ახალი მომხმარებლის მიერთების იმ შეთავაზებული პაკეტით განსაზღვრული საფასური, რომელიც შეესაბამება მომხმარებლის არსებული მიერთების ტექნიკურ პირობით განსაზღვრული მიერთების სიმძლავრეს;
ბ) თუ გაზრდილი (ან მოთხოვნილი) სიმძლავრე არ სცილდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების იმ შეთავაზებული პაკეტის ფარგლებს, რომელსაც შეესაბამება მომხმარებლის არსებული მიერთების ტექნიკური პირობით განსაზღვრული მისაერთებელი სიმძლავრე:
ბ.ა) მოთხოვნილი სიმძლავრის მისაწოდებლად საჭიროა განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ მომხმარებელთან დამაკავშირებელი ელექტრული ქსელისა და აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქცია ან/და სხვა მოწყობილობების შეძენა, მშენებლობა და დამონტაჟება, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს საფასური, რომელიც იანგარიშება ყოველ კვტ-ზე, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების შესაბამისი მისაერთებელი შეთავაზებული პაკეტის საფასური გაყოფილი ამ პაკეტის მაქსიმალურ სიმძლავრეზე და გამრავლებული მომხმარებლის მიერ დამატებით მოთხოვნილ კვტ-ებზე;
ბ.ბ) მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი სიმძლავრის მიწოდება არ საჭიროებს მომხმარებელთან დამაკავშირებელი ელექტრული ქსელისა და აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქციას ან/და სხვა მოწყობილობების შეძენას, მშენებლობასა და დამონტაჟებას  მომხმარებლის მიერ საფასურის გადახდა არ ხდება (შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატის მიერ მიერთების ახალი ტექნიკური პირობა გაიცემა საფასურის გადახდის გარეშე).

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნა განაცხადით მოთხოვნილ სიმძლავრეზე ამ წესების №4 დანართით შეთავაზებული პაკეტით განსაზღვრულ ვადაში.

7. თუ მომხმარებლის მიერ მოთხოვნილია ისეთი სიმძლავრე, რომელზეც არ ვრცელდება სიმძლავრის გაზრდის საფასური, ასეთ შემთხვევაში, პროცესი უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების 26​
​1
მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (როდესაც ხდება, ისეთი ახალი მომხმარებლის (მომხმარებლების) მიერთება, რომელზეც არ ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური). მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული სამუშაოები, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოებზე გადახდილი უნდა იქნეს ამ წესების დანართით №6 განსაზღვრული „აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასური“ შეთავაზებული პაკეტების მიხედვით.

7¹. (ამოღებულია - 27.06.19 №13).

8. თუ ადგილი აქვს ელექტროენერგიის ფაქტობრივი მოხმარების სიმძლავრის გაზრდის მოთხოვნას 6/10 კვ. ძაბვის საფეხურზე 501 კვტ. სიმძლავრეზე ნაკლები მისაერთებელი სიმძლავრით ან 35/110 კვ ძაბვის საფეხურზე 5001 კვტ. სიმძლავრეზე ნაკლები მისაერთებელი სიმძლავრით, ასეთი მოთხოვნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განმცხადებლის (სიმძლავრის გაზრდის მსურველის) ტექნიკური აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ აშკარად შეუძლებელია უფრო დაბალი ძაბვის საფეხურზე აღრიცხვის კვანძის მოწყობა.

9. ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდა დასტურდება იმავე მეთოდის გამოყენებით, რომლითაც მოხდა გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის შემუშავებისას მომხმარებლის მისაერთებელი სიმძლავრის განსაზღვრა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 16 ნოემბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 21.11.2011 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს  დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 ივნისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 28.06.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.06.2019 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 24 იანვარის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 29.012020 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/26-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/28.md
