---
title: "მუხლი 8. ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები — „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/8"
law: "„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "8"
identifier: "20"
adopted: "2008-09-18"
consolidated_as_of: "2021-06-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2021-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები — „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2021-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2021-07-01.
> Cite as: „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2021-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/8

1. ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი ელექტროენერგიის მიწოდების თვითნებური აღდგენა, ელექტროენერგიის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ელექტროენერგიის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, ელექტროენერგიის დატაცება, მათ შორის, ელექტროენერგიის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ელექტროენერგიის მოხმარება (გარდა ამ წესებით განსაზღვრული შემთხვევებისა).

2. ელ­ექტროენერგიის უკანონო მოხმარების გამოვ­ლე­ნის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ამ წესების შესაბამისად ვალდებულია, შეუწყვიტოს ელექ­ტროენერგიით მომარაგება შესაბამის მომხმა­რებელს. ამ შემთხვევაში ელექტროენერგიით მომარა­გების შეწყვეტა შესაძლებელია მომხმარებლის წინას­წარი გაფრთხილების გარეშე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცნობილია, რომ ამ მომხმარებლისთვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გაუარესებას ან ამ მომხმარებლის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს, დასარიცხ ან დარიცხულ თანხასთან მიმართებაში).

3. განაწილების ლიცენზიატი ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი აქტი.

4. მომხმარებლის მიერ ელექტროქსელზე ელექტრო­ენერგიის მოწყობილობების თვითნებურად მიერთების, ელექტროენერგიის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემ­თხვევაში), ელექტროენერგიის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, ელექტროენერგიის დატა­ცების, მათ შორის, ელექტროენერგიის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარე­შე ელექტროენერგიის არასანქცირებული მოხმარე­ბის შემთხვევაში, ელექტროენერგიის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს ელექტრო­ენერგიის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება. უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდე­ნობის განსაზღვრა მოხდება შესაბამისი აქტის საფუძ­ველზე შემდეგი წესით:
ა) იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარე­ბული ელექტროენერგიის საერთო რაოდენობის დადგე­ნა შესაძლებელია, განაწილების ლიცენზიატის მიერ შესაბამისად მოხდება მონაცემების ჩასწორება.
ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ელექტრო­ენერგიის რაოდენობის ან ელექტროენერგიის მრიცხვე­ლის ცდომილების დადგენა შესაძლებელია, მაგრამ უცნობია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული ელექტროენერგიის საერთო რაოდენობის გამოთვლა მოხდება განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლის მიერ მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) უკანასკნელი შემოწმების თარიღი­დან (მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა).
გ) იმ შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ელექტრო­ენერგიის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, დარღვევის პერიოდის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამოით­ვლება, შემოწმების მომენტში მომხმარებლის მიერ ქსელიდან მოხმარების სიმძლავრის გამრავლებით, კალენ­­­დარული დღის განმავლობაში 8-საათიან მოხმა­რე­ბაზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ქსე­ლიდან მოხმარების სიმძლავრის გაზომვა ან გაზომილი სიმძლავრე მნიშვნელოვნად ნაკლებია ამ მომხმარებელთან არსებული ელექტროდანადგარების დადგმულ სიმძლავრეზე, დარღვევის პერიოდის განმავ­ლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამოითვლება ამ წესების №3 დანართში მოცემული, მომხმარებლის დენმიმღებების საორიენ­ტაციო სიმძლავ­რისა და ამ სიმძლავრის გამოყენების საანგარიშო საათე­ბის ცხრილის მიხედვით (ამ ქვეპუნქტის მიხედვით დარიცხვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს).
დ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ელექტრო­ენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხ­მა­რებული ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გაიანგარიშება, ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში, შემოწმების მომენტში მომხმარებლის მიერ ქსელიდან მოხმარების სიმძლავრის გამრავლებით, კალენდარული დღის განმავლობაში 8-საათიან მოხმარებაზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ქსელიდან მოხმა­რების სიმძლავრის გაზომვა ან გაზომილი სიმძლავრე მნიშვნელოვნად ნაკლებია ამ მომხმარებელ­თან არსებუ­ლი ელექტროდანადგარების დადგმულ სიმძლავრეზე, უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენო­ბის დადგენა ხდება ერთი თვის პერიოდში, ამ წესების №3 დანართში მოცემული, მომხმარებლის დენმიმღე­ბების საორიენტაციო სიმძლავრისა და ამ სიმძლავრის გამოყენების საანგარიშო საათების ცხრილის მიხედვით.
ე) იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არასაპატიო (დაუსაბუთებელი) მიზეზით არ დაუშვებს განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელს დადგმული სიმძლავრის დასადგენად და ადგილი აქვს მომხმარებლის მიერ ამ წარმომადგენლის საქმიანობისთვის აშკარა ხელის შეშლას, მაშინ განაწილების ლიცენზიატს, მომხმარებ­ლის წერილობითი გაფრთხილებიდან 2 სამუშაო დღის შემდეგ უფლება აქვს, დაარიცხოს შემყვანზე (სადენზე) დასაშვები მაქსიმალური დატვირთვისას ძაბვის, დენისა და სიმძლავრის კოეფიციენტთა ნამრავლის (ნომინა­ლური სიმძლავრის) 15-დღიანი გამოყენების დაანგა­რიშებით.

5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარიცხვის მეთოდის გამოყენების შემდეგ მომხმარებელი განაწილების ლიცენზიატს წერი­ლობით მიაწოდებს გონივრულ ვადაში (დარიცხვის აქტის გაცნობიდან არა უმეტეს 3 თვისა) დასაბუთებულ არგუმენტაციას განაწილების ლიცენზიატის წარმომად­გენელის არდაშვებასთან დაკავშირებით, ასეთ შემ­თხვევაში უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დარიცხვა უნდა განხორციელდეს კალენ­დარული დღის განმავლობაში მომხმარებლის ელექ­ტრო­­დანადგარების დადგმული სიმძლავრის შესაბამისად, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული პირობების მიხედვით.

6. ამ მუხლში მოცემული მომხმარებლის ელექ­ტრო­დანადგარების დადგმული სიმძლავრის ჯამის განსაზღვრისას, გამოიყენება მის მფლობელობაში მყოფი მხოლოდ ის ელექტროდანადგარები, რომელიც მიერთე­ბულია ქსელზე ან მზად არის ქსელზე მისაერთებლად და იმყოფება მუშა მდგომარეობაში.

7. მომხმარებელს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა განაწილების ლიცენზიატის მომსახურებით, გარდა განაწილების ლიცენზიატისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება განაწილების ლიცენზიატის მიერ დაეკისროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი.

7¹. დაუშვებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა, თუ არ არსებობს ამ წესების მე-17 მუხლით გათვალისწინებული აქტი, ან თუ აქტი შედგენილია მე-17 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით.

7². ამ მუხლის 7
1
პუნქტის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა განიხილება, როგორც მომხმარებლის მიმართ არამართლზომიერი ქმედება. შესაბამისად, ასეთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში ოქმის შემდგენს ან/და იმ საწარმოს, რომლის უფლებამოსილებითაც მოქმედებს ოქმის შემდგენი, დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

8. უკანონოდ მოხმარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მომხმარებელს ასევე დაარიცხოს ამ წესების შესაბამი­სად მისთვის გაგზავნილი დაზღვეული წერილის ღირე­ბულება.

9. განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს იმ დრომდე არ გაუწიოს მომსახურება იმ პირს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა მომსახურებით და ამის გამო ერიცხება დავალიანება, სანამ არ იქნება დაფარული დავალიანება ან მიღწეული შეთანხმება დავალიანების სრულად გადახდაზე, მათ შორის, დავალიანების განაწი­ლვადებაზე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 28.09.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/9.md
