---
title: "მუხლი 24. წყალარინების სისტემების სარგებლობის წესები — სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/80746-sasmeli-wqlis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/24"
law: "სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
article: "24"
identifier: "32"
adopted: "2008-11-26"
consolidated_as_of: "2025-11-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. წყალარინების სისტემების სარგებლობის წესები — სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2025-11-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/80746-sasmeli-wqlis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/24

1. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ქალაქის და დასახლებული ადგილების ტერიტორიაზე ჩამდინარე სითხის წყალარინების ქსელის მეშვეობით გატარება, ხოლო სამრეწველო-ტექნიკური წყლების წყალარინების საკითხი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს წყლის მიმწოდებლებთან შეთანხმებით.

2. წყალმომარაგების ლიცენზიატი  წყალარინების ქსელის ექსპლუატაციას ახორციელებს:
ა) მომხმარებლ(ებ)ის მფლობელობაში მყოფ ტერიტორიამდე (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გარდა);
ბ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში – შენობა-ნაგებობიდან გამომავალი პირველი მიმღები ჭის ჩათვლით (მიუხედავად იმისა, თუ ვის საკუთრებაშია ან ვის კუთვნილ ტერიტორიაზეა მოწყობილი აღნიშნული მიმღები ჭა);
2 ​1 . ამ მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეთხვევაში,  თუ შენობა-ნაგებობიდან გამომავალი პირველი მიმღები ჭა მოწყობილია ისტორიულად ჩამოყალიბებული დაბალი ან/და საშუალო ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (ე. წ. „თბილისური ეზოების“)  ტერიტორიაზე,  წყალმომარაგების ლიცენზიატს არ მოეთხოვება საექსპლუატაციო სამუშაოს შესრულება. ასეთ შეთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი წყალარინების ქსელის ექსპლუატაციას ახორციელებს მომხმარებლების მფლობელობაში მყოფ ტერიტორიამდე.
2 ​2 . ამ მუხლის მე-2 და 2 ​1 პუნქტების გათვალისწინებით, წყალარინების ქსელზე მიერთებული ყველა სხვა განშტოებისა და შენობის შიდა გაყვანილობის მოვლა-პატრონობას ახორციელებს მომხმარებელი ან მომხმარებელთა ჯგუფი, ვის მფლობელობაშიც იმყოფება ეს ტერიტორია.

3. მიმწოდებელი ვალდებულია სათანადო მდგომარეობაში იქონიოს წყალარინების ქსელი და მისი შემადგენელი ელემენტები, მათ შორის, გამწმენდი ნაგებობები.

4. საწარმოო წყლების ჩაშვება წყალარინების სისტემაში დაიშვება მხოლოდ მისი დასაშვებ ნორმებთან შესაბამისობისა და საჭიროების შემთხვევაში ამ ნორმამდე გაწმენდისა და მიმწოდებელთან წინასწარ წერილობით შეთანხმების შემდეგ, რომლის გაცემისას მხედველობაში მიიღება წყალარინების ქსელის და გამწმენდი ნაგებობების დატვირთვა და, აგრეთვე, ჩასაშვები წყლების რაოდენობა. შეთანხმება და მასთან დაკავშირებული საბუთები უნდა ინახებოდეს მიმწოდებელთან.

5. მიმწოდებელი ვალდებულია მუდმივად აკონტროლოს ჭების სახურავების მდგომარეობა. დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და აღმოფხრას დაზიანება, ხოლო ასეთი მოქმედების შეუძლებლობის შემთხვევაში დააყენოს სათანადო გამაფრთხილებელი ნიშანი და შესაძლოდ მოკლე ვადაში გამოასწოროს მდგომარეობა.

6. მომხმარებელს, მის მფლობელობაში არსებული ჭის ღიად დატოვების შემთხვევაში, ან ჭების სახურავიდან ნარეცხი ან სხვა სამეურნეო წყლების ჩაშვების შემთხვევაში, შეუწყდება სასმელი წყლის მიწოდება სათანადო გაფრთხილების შემდეგ.

7. წყალარინების ქსელის ჭები ყოველთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს დათვალიერებისათვის, თავისუფალი უნდა იყოს მიწის, თოვლის და სამშენებლო ნაგვისაგან.

8. უნებართვოდ ჭების სახურავების ახდა ან/და ჭაში ჩასვლა აკრძალულია და ისჯება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №33 - ვებგვერდი, 19.08.2022 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/80746-sasmeli-wqlis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/80746-sasmeli-wqlis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/25.md
