---
title: "მუხლი 26¹. წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული და რეგისტრაციის არმქონე ფაქტობრივი მომხმარებლის იდენტიფიცირებასთან და აბონენტად რეგისტრაციასთან დაკავშირებული გარდამავალი პირობები — სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/80746-sasmeli-wqlis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/26-1"
law: "სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
article: "26^1"
identifier: "32"
adopted: "2008-11-26"
consolidated_as_of: "2025-11-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26¹. წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული და რეგისტრაციის არმქონე ფაქტობრივი მომხმარებლის იდენტიფიცირებასთან და აბონენტად რეგისტრაციასთან დაკავშირებული გარდამავალი პირობები — სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ, მუხლი 26¹ (consolidated as of 2025-11-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/80746-sasmeli-wqlis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/26-1

1. ამ მუხლის მოქმედების პერიოდში წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია სისტემური შესწავლის საფუძველზე განაახლოს წყალმომარაგების სისტემაზე (სასმელი წყლის წყალმომარაგების ან/და წყალარინების სისტემაზე) მიერთებული ობიექტების შესახებ ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ შესწავლის ფარგლებში გამოვლინდა წყალმომარაგების სისტემაზე ფაქტობრივად მიერთებული ისეთი ობიექტები, რომლებიც სარგებლობენ წყალმომარაგების სისტემით, მაგრამ წყალმომარაგების ერთიან ბაზაში არ იძებნებიან როგორც მიერთებული ობიექტები (შესაბამისად, წყალმომარაგების ლიცენზიატისთვის უცნობია ასეთი მიერთების შესახებ და აღნიშნულ ობიექტებზე არ ხდება გაწეულ მომსახურებაზე საფასურის დარიცხვა), წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, შეისწავლოს თითოეული შემთხვევა, მოახდინოს ფაქტობრივი მომხმარებლის იდენტიფიცირება და მისი აბონენტად რეგისტრაცია, რა დროსაც ამ აბონენტის ნომერზე რეგისტრირებულ მომხმარებელს უნდა დაერიცხოს გასულ პერიოდში მომსახურებით ფაქტობრივი სარგებლობით წარმოქმნილი ვალდებულება, რომელიც მოიცავს ამ წესებით დადგენილი ახალი მომხმარებლის მიერთებაზე განსაზღვრული საფასურისა და ფაქტობრივად მოხმარებული სასმელი წყლის ან/და წყალარინების მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას, ამ მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად (მათ შორის, ამ მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტში მოცემული მომსახურების ღირებულების დარიცხვის პირობების შესაბამისად), რის შემდეგაც წყალმომარაგების ლიცენზიატი წარმოადგენს აბონენტის შემდგომ მომსახურებაზე პასუხისმგებელ პირს, წესებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

2. წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული და რეგისტრაციის არმქონე ფაქტობრივი მომხმარებლის იდენტიფიცირებასთან და აბონენტად რეგისტრაციასთან დაკავშირებით ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, თუ:
ა) ობიექტი მდებარეობს სანიტარიული დაცვის ზონაში;
ბ) ობიექტიდან ადგილი აქვს ჩამდინარე სითხის თვითნებურ ჩაღვრას სანიაღვრე სისტემაში, რაც დადასტურებულია შესაბამისი აქტით (ასეთი შემთხვევა განხილული იქნება როგორც უკანონო მიერთება);
გ) ობიექტი მდებარეობს ისეთ ტერიტორიაზე, სადაც 2022 წლის 20 აგვისტოს შემდეგ დამტკიცებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა, ან კანონმდებლობა სავალდებულოდ ითვალისწინებს ობიექტის ტერიტორიაზე განაშენიანების გეგმის დამუშავებას;
დ) ადგილი აქვს ტექნიკური ნორმებისა და უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დარღვევას (ამ მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში);
ე) ობიექტზე, კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად, ხორციელდებოდა სასმელი წყლის მიწოდება ან/და წყალარინება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ ჩახსნას ობიექტი წყალმომარაგების სისტემიდან და განახორციელოს წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ღონისძიებები.

4. ამ მუხლის პირობების შესაბამისად, წყალმომარაგების სისტემაზე უცნობი მიერთების გამოვლენისთანავე, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია რეგისტრაციის არმქონე ფაქტობრივი მომხმარებელი დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს მომხმარებლად (საკითხის შესწავლამდე) და ამ მომხმარებელთან დაამონტაჟოს ინდივიდუალური მრიცხველი (ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად). ასევე, რეგისტრაციისთანავე წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია წერილობით აცნობოს ფაქტობრივ მომხმარებელს მისი ვალდებულებებისა და უფლებების შესახებ (მათ შორის, აბონენტად რეგისტრაციის და საფასურის გადახდის ვალდებულების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მოსთხოვოს მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო ინფორმაციის წარმოდგენა, წესების მე-4 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად.  როდესაც სასმელი წყლის მოხმარების მიუხედავად პირი უარს აცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარიცხული საფასურის გადახდაზე, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია ჩახსნას ეს ობიექტი წყალმომარაგების სისტემიდან და იმოქმედოს წესების შესაბამისად. ამასთან, აღნიშნული ობიექტის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება განხილული იქნება როგორც უკანონო მიერთება.

5. წყალმომარაგების ლიცენზიატმა ფაქტობრივი მომხმარებლის აბონენტად რეგისტრაციის საკითხის შესწავლა უნდა დაასრულოს რეგისტრაციიდან არაუგვიანეს სამი თვის ვადაში. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მომხმარებელთან გაგზავნილი ქვითარი (ბეჭდური ან ელექტრონული ქვითარი) უნდა შეიცავდეს განმარტებას, რომ წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ მიმდინარეობს საკითხის შესწავლა ობიექტის მიერთებისა და მომხმარებლის სტატუსთან დაკავშირებით. ამასთან, საკითხის შესწავლამდე ფაქტობრივი მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს მოხმარებული სასმელი წყლის ან/და წყალარინების ქსელით მომსახურების ღირებულება.

6. ამ მუხლის საფუძველზე, აბონენტის ნომერზე რეგისტრირებული ფაქტობრივი მომხმარებლის მიერ, ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის ანაზღაურების მიზნით, დარიცხვა უნდა განხორციელდეს შემდეგი წესით:
ა)   წყალმომარაგების სისტემასთან მიერთებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში უცნობი მიერთების გამოვლენის შემთხვევაში აბონენტის ნომერზე რეგისტრირებულ ფაქტობრივ მომხმარებელს უნდა დაერიცხოს წესების დანართი №4-ის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური“. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ წყალმომარაგების სისტემასთან ფაქტობრივად მიერთებული ობიექტის მომარაგება არ საჭიროებს წყალმომარაგების სისტემის მოწყობას, ან/და სხვა მოწყობილობების შეძენას, მშენებლობას ან/და დამონტაჟებას, მათ შორის, მრიცხველის მოწყობას, ასევე წესების მე-6 მუხლის 10​
1
პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია მიერთების საფასურის გადახდის გარეშე დაარეგისტრიროს ფაქტობრივი მომხმარებელი აბონენტის ნომერზე და დაიწყოს მისი ობიექტის წყალმომარაგების მომსახურება;
ბ) წყალმომარაგების ლიცენზიის მოქმედების არეალში, წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში არსებული წყალმომარაგების ქსელიდან 200 მეტრის რადიუსში:
ბ.ა) უცნობი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიერთების გამოვლენის შემთხვევაში აბონენტის ნომერზე რეგისტრირებულ ფაქტობრივ მომხმარებელს უნდა დაერიცხოს საფასური, რომელიც გამოითვლება შენობა-ნაგებობის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული მილის დიამეტრზე წესების დანართ №3-ით განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტის საფასურის, ამ შენობა-ნაგებობაში წყალმომარაგების სისტემაზე ინდივიდუალურად მიერთებული მომხმარებლების (აბონენტების) ფაქტობრივ რაოდენობაზე გაყოფით;
ბ.ბ) სხვა უცნობი მიერთების გამოვლენის შემთხვევაში (გარდა ამ პუნქტის „ა“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) აბონენტის ნომერზე რეგისტრირებულ ფაქტობრივ მომხმარებელს უნდა დაერიცხოს ამ წესების დანართი №3-ით დადგენილი „ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასური“ (შეთავაზებული პაკეტის მიხედვით);
გ) წყალმომარაგების ლიცენზიატის წყალმომარაგების ლიცენზიის მოქმედების არეალის ფარგლებს გარეთ, ან წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში არსებული წყალმომარაგების ქსელიდან 200 მეტრის რადიუსის გარეთ უცნობი მიერთების გამოვლენის შემთხვევაში, აბონენტის ნომერზე რეგისტრირებულ ფაქტობრივ მომხმარებელს უნდა დაერიცხოს ამ წესების დანართი №4-ით გათვალისწინებული „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური“ (შეთავაზებული პაკეტის მიხედვით).

7. აბონენტის ნომერზე მომხმარებლის რეგისტრაციის შემთხვევაში წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია მომხმარებელს გაუწიოს მომსახურება ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, ამასთან:
ა) წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის გადახდის სანაცვლოდ, უზრუნველყოს ამ ობიექტის კუთვნილ ტერიტორიამდე სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურება, წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს მომხმარებელთან დამაკავშირებელი წყალმომარაგების ქსელის რეკონსტრუქცია ან ახალი ქსელის მშენებლობა;
ბ) თუ აუცილებლობიდან გამომდინარე, საჭიროა მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის წყალმომარაგების ქსელის ან მისი ტერიტორიის გამოყენება, აღნიშნული უნდა შეთანხმდეს წერილობითი ფორმით. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი უარს განაცხადებს მასთან დამაკავშირებელი წყალმომარაგების ქსელის წყალმომარაგების ლიცენზიატისთვის გადაცემაზე, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია ჩახსნას ობიექტი წყალმომარაგების სისტემიდან და იმოქმედოს წესების შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ობიექტის წყალმომარაგების სისტემაზე არსებული მიერთება განხილული იქნება როგორც უკანონო მიერთება;
გ) ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წყალმომარაგების ლიცენზიატი უზრუნველყოფს აღრიცხვის კვანძისა და წყალმომარაგების სისტემაზე შეჭრის შედეგად არსებული მიერთების წერტილის გამართულობას მის სალიცენზიო არეალში (აუცილებლობის შემთხვევაში აგრეთვე საჭირო სამუშაოებს ამ მოთხოვნის შესასრულებლად). ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ასეთი მომხმარებლის მიმართ წყალმომარაგების ლიცენზიატის პასუხისმგებლობა სასმელი წყლით მომარაგებაზე ვრცელდება მომხმარებლის ინდივიდუალურ აღრიცხვის კვანძამდე.

8. ამ მუხლის საფუძველზე, წყალმომარაგების სისტემაზე უცნობი მიერთების გამოვლენისთანავე ობიექტის ფაქტობრივი მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის განსაზღვრა მოხდება შემდეგი წესით:
ა)  იმ შემთხვევაში, როდესაც მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა შესაძლებელია, წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ შესაბამისად მოხდება მონაცემების ჩასწორება-დარიცხვა;
ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც ცნობილია სასმელი წყლის მოხმარების დაწყების თარიღი, მომხმარებელს სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაერიცხება სასმელი წყლის რაოდენობა, რომელიც გამოითვლება საანგარიშო წლის წინა წლის პერიოდში წყალმომარაგების ლიცენზიატთან ანალოგიური ტიპის (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი/კერძო სახლი) ობიექტებზე რეგისტრირებულ გამრიცხველიანებულ საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა საშუალო თვიური მოხმარების მიხედვით;
გ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სასმელი წყლის მოხმარების დაწყების თარიღის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გაანგარიშდება 3-თვიან პერიოდზე ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის, წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ სასმელი წყლის მოხმარების დაწყების თარიღად შესაძლებელია განისაზღვროს ფაქტობრივი მომხმარებლის მიერ ამ ობიექტზე ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღი (მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა).

10. წყალარინების ქსელით მომსახურების ღირებულება გამოითვლება ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად გამოთვლილი მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობისა და წყალარინების მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის ნამრავლით.

11. მომხმარებლის  წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, ამ მუხლის საფუძველზე აბონენტად რეგისტრაციისთვის და მომსახურებით ფაქტობრივი სარგებლობისთვის დარიცხული საფასური (მოხმარებული სასმელი წყლის ან/და წყალარინების მომსახურების ღირებულება და ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური) უნდა გადანაწილდეს არანაკლებ 24 თვეზე თანაბარწილად (თუ მხარეები უფრო მეტ ვადაზე წერილობით არ შეთანხმდებიან).

12. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების ან წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისთვის გათვალისწინებული პირობები.

13. ეს მუხლი მოქმედებს 2026 წლის 1 სექტემბრამდე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 27 ნოემბრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 01.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/80746-sasmeli-wqlis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/80746-sasmeli-wqlis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/27.md
