---
title: "მუხლი 3¹. ელექტრონული ფორმით მომხმარებლის ინფორმირება — სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/80746-sasmeli-wqlis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/3-1"
law: "სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
article: "3^1"
identifier: "32"
adopted: "2008-11-26"
consolidated_as_of: "2025-11-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3¹. ელექტრონული ფორმით მომხმარებლის ინფორმირება — სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ, მუხლი 3¹ (consolidated as of 2025-11-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/80746-sasmeli-wqlis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/3-1

1. თუ ეს წესები მომსახურების სხვა პირობას არ ითვალისწინებს, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია მომხმარებელს ან/და განმცხადებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ქვითარზე დარიცხული თანხის გადახდის ბოლო ვადის შესახებ – მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს გადახდის ვადის გასვლამდე 2 კალენდარული დღით ადრე მაინც;
ა
1
)  სასმელი წლით მომარაგების ინდივიდუალურად შეწყვეტის/აღდგენის  შესახებ – მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ;
ბ) განაცხადის რეგისტრაციის ნომრის, თარიღისა და კომისიის ელექტრონულ ჟურნალში რეგისტრაციის ნომრის შესახებ – განმცხადებლის ინფორმირება უნდა მოხდეს განაცხადის მიღებისთანავე;
გ) განაცხადზე საპასუხო წერილის გაგზავნის ან რეაგირების შესახებ – განმცხადებლის ინფორმირება უნდა მოხდეს საპასუხო წერილის ან რეაგირების ფაქტის რეგისტრაციისთანავე;
დ) სასმელი წყლით მომარაგების გეგმური წყვეტის დროისა და ხანგრძლივობის შესახებ – შესაბამის არეალში რეგისტრირებული მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს  გეგმურ წყვეტამდე, ამ წესების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის პირობების შესაბამისად;
ე) სასმელი წყლით მომარაგების არაგეგმური წყვეტის (გათიშვის) შემთხვევაში, როდესაც აღდგენის სამუშაოები საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას (რომლის შედეგადაც ხდება სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელის ძირითადი საშუალებების შეცვლა/დამონტაჟება ან მშენებლობა/რეკონსტრუქცია), გათიშვის  ზუსტი  მიზეზისა  და  მომარაგების აღდგენის  სავარაუდო დროის შესახებ – შესაბამის არეალში რეგისტრირებული მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს მომარაგების აღდგენისათვის გასატარებელი მოქმედებებისათვის რთული სამუშაოების კატეგორიის მინიჭებისთანავე.

2. წყალმომარაგების ლიცენზიატი ასევე უფლებამოსილია, მომხმარებელს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია წყალმომარაგების საქმიანობასთან.

3. წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ ტექსტური შეტყობინება მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ელექტრონული ფორმით, მომხმარებლის/განმცხადებლის მიერ მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერ(ებ)ზე ან/და ელექტრონულ მისამართ(ებ)ზე. ამ წესების მიზნებისთვის შეტყობინება მიღებულად ითვლება შეტყობინების გაგზავნის ფაქტის ტექნიკური საშუალებით დადასტურების მომენტიდან. შეტყობინების არმიღება არ ათავისუფლებს მომხმარებელს/განმცხადებელს ამ წესებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისაგან.

4. მომხმარებელს/განმცხადებელს უფლება აქვს, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე წყალმომარაგების ლიცენზიატისგან მოითხოვოს:
ა) მიღებული შეტყობინების განმეორებით გაგზავნა – წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე „111“ სიმბოლოს გაგზავნით, ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით ან წერილობითი ფორმით;
ბ) ნომრისა და ელექტრონული მისამართის შეცვლა - წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე „222“ სიმბოლოსა და ახალი ნომრის/ელექტრონული მისამართის გაგზავნით, ასევე წერილობითი ფორმით;
გ) ელექტრონული ქვითრის გაგზავნა – წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე „333“ სიმბოლოს გაგზავნით;
დ) ტექსტური შეტყობინების შინაარსის დაზუსტება ან/და განმარტება – ცხელი ხაზის მეშვეობით ან წერილობითი ფორმით.

4¹. ტექსტური სერვისებით სარგებლობისას, რომელი ელექტრონული ფორმითაც მომხმარებელს ეგზავნება აღნიშნული ტექსტური შეტყობინება, იმავე ფორმით უნდა შეეძლოს მომხმარებელს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სერვისებით სარგებლობა. ამასთან, კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით განსაზღვროს ამ მომსახურებით სარგებლობის მისამართი/ნომერი, შეთავაზებული პირობები და მათი რიგითობა.

4². მომხმარებელი უფლებამოსილია თანხმობა განაცხადოს სხვა მომსახურე პირთან ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებაზე, რა დროსაც წყალმომარაგების ლიცენზიატმა ამ პირს უნდა შესთავაზოს შესაბამისი ვებსერვისი და პარამეტრები, საიდანაც შესაძლებელი იქნება ამ მუხლით გათვალისწინებული  ინფორმაციის მომხმარებლისთვის მიწოდება.  ამ პუნქტის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება არ ათავისუფლებს წყალმომარაგების ლიცენზიატს მომხმარებლის მობილური ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონულ მისამართზე ინფორმაციის გაგზავნის ამ წესებით გათვალისწინებული ვალდებულებისაგან.

5. როდესაც მომხმარებელი წყალმომარაგების ლიცენზიატს მიაწვდის საკონტაქტო ნომერს ან ელექტრონულ მისამართს, ან მოითხოვს ამ მონაცემების განახლებას, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელს შესთავაზოს აღნიშნული საკონტაქტო მონაცემების მიწოდება ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში მომსახურე საწარმოებისთვის (სადაც იგი რეგისტრირებულია მომხმარებლად და გააჩნია შესაბამისი აბონენტის ნომერი). ამ პუნქტით გათვალისწინებული პირობა შეიძლება შესრულდეს, მხოლოდ მომხმარებლის თანხმობის აშკარა და არაორაზროვანი დადასტურების შემთხვევაში.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №17 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 27.07.2017 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №18 - ვებგვერდი, 09.08.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 24.12.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 31.10.2019 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/80746-sasmeli-wqlis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/80746-sasmeli-wqlis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/4.md
