---
title: "მუხლი 5. მომსახურების გაწევა — სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/80746-sasmeli-wqlis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/5"
law: "სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
article: "5"
identifier: "32"
adopted: "2008-11-26"
consolidated_as_of: "2025-11-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. მომსახურების გაწევა — სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2025-11-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/80746-sasmeli-wqlis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/5

1. მომხმარებელს არ მოეთხოვება მიიღოს ნებისმიერი ისეთი პირობა ან/და მომსახურება, რომელიც პირდაპირ არ არის განსაზღვრული ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით.

2. მიმწოდებელის მიერ მომხმარებლის წყალმომარაგების უზრუნველსაყოფი სამუშაოების დაწყებამდე მომხმარებელი ვალდებულია აცნობოს სამუშაოს შესრულების ადგილზე მისთვის ცნობილი ნებისმიერი ხელშემშლელი ან/და სხვა უარყოფითი გარემოების შესახებ.

3. მიმწოდებელი უფლებამოსილია შეამოწმოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელი და მისი შესაბამისობა ტექნიკურ და უსაფრთხოების ნორმებთან.

3¹. როდესაც  წყალმომარაგების ლიცენზიატის  მიერ  ამ  წესებით განსაზღვრული  მოქმედება ვერ  სრულდება მომხმარებლის მიზეზით, მათ შორის ობიექტზე მისი არყოფნის, უარის ან/და მომხმარებლის შიდა ქსელის გაუმართაობის, ასევე ამ მომხმარებლის ობიექტზე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების აშკარა დაუცველობით, ასეთ შემთხვევაში, ამ წესების მიზნებისთვის, წყალმომარაგების ლიცენზიატის მიმართ განსაზღვრული ვალდებულებები ითვლება შესრულებულად, მომხმარებლისთვის წერილობითი ფორმით  შესაბამისი აქტის წარდგენის თარიღიდან (ხოლო მომხმარებლის ადგილზე არყოფნის ან უარის შემთხვევაში, შესაბამისი აქტის ამ მომხმარებლისათვის გაგზავნის თარიღიდან).
3 ​2 .  წყალმომარაგების ლიცენზიატი თავისუფლდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე განთავსებული და მომხმარებლ(ებ)ის კუთვნილი წყალმომარაგების ქსელის ექსპლუატაციისთვის საჭირო სამუშაოების შესრულებისგან, თუ:
ა) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი წინააღმდეგია, ან სხვაგვარად  ზღუდავს წყალმომარაგების ლიცენზიატის მოქმედებებს,  განახორციელოს  მის ინდივიდუალურ საკუთრებაზე გამავალი და ამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა სარგებლობისთვის განკუთვნილ წყალმომარაგების ქსელზე სამუშაოები;
ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა წინააღმდეგია, ან სხვაგვარად  ზღუდავს წყალმომარაგების ლიცენზიატის მოქმედებებს, განახორციელოს ამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა სარგებლობისთვის განკუთვნილ და ამ ამხანაგობის საერთო ქონებაზე განთავსებულ წყალმომარაგების ქსელზე სამუშაოები.

4. მიმწოდებელი არ არის ვალდებული მომხმარებელს წინასწარ აცნობოს სავარაუდო შემოწმების თარიღი და პერიოდი. მომხმარებელი ვალდებულია დაუშვას მიმწოდებლის წარმომადგენელი წყალმომარაგების ქსელთან. ამასთან, მომხმარებელს უნდა შეეძლოს შემმოწმებლის იდენტიფიცირება შესაბამისი დოკუმენტის, ფორმის და მომხმარებლისთვის სხვა წინასწარ ცნობილი საშუალებების მეშვეობით.

5. მომხმარებლისთვის სასმელი წყლით მომარაგების აღდგენას ახორციელებს მხოლოდ მიმწოდებელი, სასმელი წლის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების სასმელი წყლის მრიცხველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სათანადო წესით შემოწმების შემდეგ.

6. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მოთხოვნით, შესაძლებელია მისი წყალმომარაგების (სასმელი წყლის მიწოდების ან/და წყალარინების სისტემის) სარეზერვო წყაროთი უზრუნველყოფა (აღნიშნული საჭიროებს სათანადო ხელშეკრულების გაფორმებას). მიმწოდებელს შეუძლია ერთჯერადად მოსთხოვოს მომხმარებელს წყალმომარაგების სარეზერვო წყაროთი უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად (ეს მოთხოვნა ასევე გამოიყენება მომხმარებლის სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების ან/და დანადგარების წყალმომარაგებისა და დამატებითი ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით უზრუნველყოფისათვის, რაც მომხმარებლის (ან მომხმარებელთა) მოთხოვნის შესაბამისად უნდა განხორციელდეს განცალკევებულად).

7. წყალმომარაგების ლიცენზიატმა დაინტერესებულ პირს, რომელსაც არ მიეწოდება სასმელი წყალი ამ წესების შესაბამისად, უნდა მისცეს წყალმომარაგების სისტემიდან სასმელი წყლის დროებით გამოყენების საშუალება, რაც განპირობებულია საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო მიზნების განსახორცილებლად. აღნიშნული საჭიროებს წყალმომარაგების ლიცენზიატთან წინასწარ შეთანხმებას. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ურთიერთობები წარმოებს შემდეგი წესით:
ა) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემასთან დროებითი მიერთება და, საჭიროების შემთხვევაში, აღრიცხვის კვანძის მოწყობა არ წარმოადგენს წყალმომარაგების ლიცენზიატის ვალდებულებას, აღნიშნული უნდა შესრულდეს დაინტერესებული პირის მიერ წყალმომარაგების ლიცენზიატთან წინასწარ შეთანხმებით;
ბ) მხარეებს შუძლიათ შეთანხმდნენ ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე სასმელი წყლის მიწოდების, გამოყენებისა და დარიცხვის მეთოდზე იმის გათვალისწინებით, რომ მოხმარებული სასმელი წყლის ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე ურთიერთშეთანხმებული მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს;
გ) იმ შემთხვევაში, როდესაც მიწოდებული სასმელი წყლის სრული ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია და მათ შორის შეთანხმება სხვა პირობას არ ითვალისწინებს, დარიცხვა უნდა განხორციელდეს გამოყენებული დანადგარის ან ხელსაწყოს გამტარუნარიანობისა და მისი 8-საათიანი გამოყენების ნამრავლით, ხოლო როდესაც ცნობილია სასმელი წყლით სარგებლობის ტექნოლოგიური პროცესი ან/და დღის განმავლობაში მისი გამოყენების პერიოდი, გაანგარიშება უნდა მოხდეს ამ მონაცემების საფუძველზე. ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია განაცხადოს დასაბუთებული უარი მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგებაზე, თუ აშკარაა, რომ დანადგარების გამოყენება უარყოფითად იმოქმედებს სასმელი წყლით მომარაგების სისტემაზე ან/და მიმწოდებელის შესაძლებლობაზე სტანდარტულ დონეზე გაუწიოს მომსახურება მას ან/და სხვა მომხმარებლებს.

9. დაუშვებელია სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემიდან სასმელი წყლის ტექნოლოგიურ პროცესებში გამდინარე სისტემებით მუდმივი მოხმარება-გამოყენება, თუ შესაძლებელია სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემიდან სასმელი წყლის გამოყენების მაგივრად მისი ბრუნვითი და მეორადი გამოყენება. ასეთ შემთხვევაში სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემიდან მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის ამგვარი გამოყენება საჭიროებს მიმწოდებელთან წინასწარ შეთანხმებას. თანხმობის მისაღებად მომხმარებელი ვალდებულია დაასაბუთოს ბრუნვითი და მეორადი გამოყენების სისტემის მოწყობის შეუძლებლობა. ამასთან, აღნიშნული შეთანხმება უნდა იყოს დროებითი ხასიათის იმ გონივრული ვადით, სანამ მომხმარებელი უზრუნველყოფს აღნიშნული ბრუნვითი და მეორადი გამოყენების სისტემების მოწყობას.

10. მომხმარებლის მიერ მომარაგების ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმების მოთხოვნის შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი  ვალდებულია უზრუნველყოს ადგილზე შემოწმება მომხმარებლის მიმართვიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა. ამასთან, ოპერატიული რეაგირების საჭიროების დადგენის მიზნით, განაცხადის ან შეტყობინების რეგისტრაციისთანავე, წყალმომარაგების ლიცენზიატის წარმომადგენელი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს განმცხადებელს/მომხმარებელს საკონტაქტო ნომერზე (ოპერატიული რეაგირების დადგენის მიზნით, დაუყოვნებლივ დაკავშირების ვალდებულება ასევე ვრცელდება მომარაგების წყვეტასთან დაკავშირებულ შეტყობინებაზეც). იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების გასაწევად საჭიროა მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე შესვლა, მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს წყალმომარაგების ლიცენზიატის  წარმომადგენლების დაშვება მის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე წინასწარ შეთანხმებულ დროს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 16 ოქტომბრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 17.10.2014 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №17 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №33 - ვებგვერდი, 19.08.2022 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/80746-sasmeli-wqlis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/80746-sasmeli-wqlis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/6.md
