---
title: "მუხლი 9. სასმელი წყლის ღირებულების და მომსახურების დარიცხვა და გადახდა — სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/80746-sasmeli-wqlis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/9"
law: "სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
article: "9"
identifier: "32"
adopted: "2008-11-26"
consolidated_as_of: "2025-11-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. სასმელი წყლის ღირებულების და მომსახურების დარიცხვა და გადახდა — სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2025-11-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/80746-sasmeli-wqlis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/9

1. მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა ხორციელდება:
ა) ინდივიდუალური მრიცხველის შემთხვევაში, მხოლოდ ამ ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით (გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა);
ბ) გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში სულადობის მიხედვით.

2. ამ წესების მიზნებისათვის, საოჯახო სასტუმროს მფლობელ მომხმარებლად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს ერთდროულად საკუთარი საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის და მის საცხოვრებელ ადგილზე ტურისტთა განსათავსებლად, მათი სისტემატური და ორგანიზებული მომსახურებისათვის. საოჯახო სასტუმროს მფლობელის მოხმარება უნდა აღირიცხოს და მოხმარებული სასმელი წყლის საფასური დაერიცხოს ერთ-ერთი შემდეგი წესით, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად:
ა) სასმელი წყლის მოხმარება მთელ ობიექტზე აღირიცხოს ერთობლივად, რა შემთხვევაშიც, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება მოხმარებული სასმელი წყლის მხოლოდ იმ ოდენობას, რაც აღემატება თვის განმავლობაში 25 მ ​​3 -ს; ან
ბ) სასმელი წყლის მოხმარება უძრავი ქონების იმ ნაწილზე, სადაც ხორციელდება ტურისტების მომსახურება, აღირიცხოს განცალკევებულად, რა შემთხვევაშიც, მოხმარებული სასმელი წყლის საფასური არასაყოფაცხოვრებო ტარიფით დაერიცხება მხოლოდ ამ ნაწილზე აღრიცხულ ოდენობას (ანგარიშსწორება მოხდება ლიცენზიატისა და მომხმარებლის საკუთრების საბალანსო გაყოფის წერტილში დამონტაჟებული მრიცხველით აღრიცხულ ოდენობაზე. საანგარიშსწორებო მრიცხველსა და ქვემრიცხველებზე აღრიცხულ მოცულობათა ჯამს შორის დანაკარგით გამოწვეული სხვაობა გადანაწილდება პროპორციულად).

3. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება კონკრეტულ არეალში (ტერიტორიულ ფარგლებში) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების ან/და დასუფთავების მომსახურების გაწევის, აგრეთვე შესაბამისი მომსახურების საფასურის/მოსაკრებლის გადახდევინების ერთიანი ადმინისტრირების ინტეგრირებული და კოორდინირებული უზრუნველყოფის სისტემით (შემდგომ ტექსტში – ერთიანი ადმინისტრირების სისტემა) განხორციელების შესახებ, ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, ერთიანი ადმინისტრირების სისტემის ფარგლებში არსებული ცალკეული გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის სულადობის ოდენობა კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება ერთ-ერთი შემდეგი წესით:
ა) თუ ლიცენზიატის ხელთ არსებული მონაცემთა ბაზების სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემთა ბაზებთან ჰარმონიზების შედეგად დადგინდება, რომ მომხმარებლის უძრავ ქონებაში რეგისტრირებული არ არის არცერთი პირი და:
ა.ა) ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის შედგენილია წერილობითი შეთანხმება უძრავ ქონებაში მცხოვრებ პირთა ოდენობის (სულადობის) დაზუსტების თაობაზე – მომხმარებელს სასმელი წყლის საფასური დაერიცხება შეთანხმებაში მითითებულ სულადობის მიხედვით;
ა.ბ) თუ არ არსებობს სულადობის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი, მაგრამ ერთიანი ადმინისტრირების სისტემის ადმინისტრატორთან არსებული მონაცემების მიხედვით, საანგარიშო თვის განმავლობაში დასტურდება მომხმარებლის უძრავ ქონებაში არანაკლებ 20 კვტ.სთ. ელექტროენერგიის მოხმარება – მომხმარებელს სასმელი წყლის საფასური დაერიცხება 1 სულზე;
ბ) მიუხედავად მომხმარებლის სულადობის დადასტურებული მონაცემისა, თუ ერთიანი ადმინისტრირების სისტემის ადმინისტრატორთან არსებული მონაცემების მიხედვით, საანგარიშო თვის განმავლობაში მომხმარებლის უძრავ ქონებაში მოხმარებული იქნა არაუმეტეს 10 კვტ.სთ. ელექტროენერგია – მომხმარებელს სასმელი წყლის საფასური არ დაერიცხება.

4. გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებელს (მომხმარებლებს), რომელსაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით სამ დღეზე მეტი ხნით შეუფერხდა სასმელი წყლის მიწოდება, მოხმარებული სასმელი წყლის საფასური განესაზღვრება ფაქტობრივად მიწოდებული წყლის პერიოდით. წყლის შეწყვეტის ფაქტის დაზუსტება შესაძლებელია განხორციელდეს მომხმარებლის მოთხოვნით.

5. მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად.

6. ინდივიდუალური მრიცხველის არსებობის შემთხვევაში, მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა და საფასურის დარიცხვა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა.

7. მომხმარებელმა მოხმარებული სასმელი წყლის საფასური უნდა გადაიხადოს ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები. თუ გადახდის ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს და ამ დღეებში გადახდის პუნქტები არ მუშაობს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.

8. ქვითარი საცალო მომხმარებელს მიეწოდება ელექტრონულად, შესაბამის სააბონენტო ბარათზე დაფიქსირებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით. მოკლე ტექსტური შეტყობინება შედგება დარიცხვის შესახებ ძირითადი ტექსტისა და ბმულისგან, რომელზეც განთავსებულია დარიცხვის შესახებ დეტალური ინფორმაცია.

9. მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაგზავნილ ქვითარში მოცემული უნდა იყოს დარიცხვის შესახებ ძირითადი ინფორმაცია, კერძოდ:
ა) აბონენტის ნომერი;
ბ) დარიცხული მ 3 /სულადობა;
ბ 1) მოხმარებული სასმელი წყლის საფასური;
ბ 2) წყალარინების მომსახურების საფასური;
გ) მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხა;
დ) დარიცხული თანხის გადახდის ბოლო ვადა;
ე) მომხმარებელზე დარიცხული მომსახურების ხარისხის კომპენსაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ბმული (არაუმეტეს 40 სიმბოლო), რომელზეც განთავსებულია დარიცხვის შესახებ დეტალური ინფორმაცია;
ზ) *303# კოდის შესახებ მითითება.

10. მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში მოცემულ ბმულზე ხელმისაწვდომი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს დარიცხვის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, კერძოდ:
ა) ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას;
ბ) მრიცხველის ბოლო და ბოლოს წინა ჩვენებას (ბოლო ჩვენების აღების თარიღის მითითებით);
გ) სამომხმარებლო ტარიფს;
დ) სულადობას (თუ რამდენ პირზე მოხდა დარიცხვა), ხოლო ინდივიდუალური მრიცხველის არსებობის შემთხვევაში, სულადობით დარიცხვის ნაცვლად, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობას კუბურ მეტრებში და ღირებულებას;
ე) მიმდინარე დავალიანების გარდა მომხმარებელზე დარიცხულ თანხას (საფუძვლის მითითებით);
ვ) მომხმარებლის უძრავი ქონების მისამართს და საკადასტრო კოდს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) ადგილს (დაწესებულებას), ასევე გადახდის ტექნიკური საშუალებებს, სადაც შესაძლებელია დარიცხული თანხის გადახდა დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე;
თ) საკონტაქტო და ინფორმაციის გაცვლის (ინტერაქტიული) მომსახურების შესახებ სრულ ინფორმაციას, მათ შორის წყალმომარაგების ლიცენზიატის 24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზით მომსახურების ნომერს;
ი) კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას.

11. დარიცხვის შესახებ დეტალური ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში მოცემულ ბმულზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს 3 (სამი) წლის განმავლობაში და მისი გადმოწერა შესაძლებელი უნდა იყოს PDF ან/და JPG ფორმატში. აღნიშნულ ბმულზე არსებული დოკუმენტის რედაქტირება დაუშვებელია. შესაბამისად, მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაგზავნილ ქვითარში, როგორც ძირითად ტექსტში, ასევე ბმულზე ხელმისაწვდომ დოკუმენტში შეცდომის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს ახალი ტექსტური შეტყობინება, სადაც დარიცხვის შესახებ ძირითად ინფორმაციასთან ერთად მითითებული უნდა იყოს ახალი ბმული, გასწორებული დოკუმენტით. ამასთან, დარიცხვასთან დაკავშირებით დავის არსებობისას, ქვითრის შინაარსის, მათ შორის, ბმულზე ხელმისაწვდომი დოკუმენტის სისწორეზე, მტკიცების ტვირთი ეკისრება მის გამგზავნს – წყალმომარაგების ლიცენზიატს.

12. მიმწოდებელი ვალდებულია, ანგარიშსწორების ქვითარში განცალკევებულად ასახოს ის დავალიანება, რომლის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს პირდაპირი წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ამ დავალიანების გადანაწილებაზე. დაუშვებელია, მომხმარებლის პირდაპირი მითითების გარეშე, წყალმომარაგების ლიცენზიატისთვის გადახდილი თანხის მიმართვა იმ დავალიანების დასაფარად, რომლის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს პირდაპირი წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ამ დავალიანების გადანაწილებაზე. ასეთ შემთხვევაში ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებული იქნება მომდევნო ანგარიშსწორებისას.

13. ქვითარში მითითებული გადახდის ვადის გასვლის შემდეგ, მასში ასახული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია, შეუწყვიტოს შესაბამის მომხმარებელს სასმელი წყლით მომარაგება.

14. ქვითარი საცალო მომხმარებელს უნდა მიეწოდოს შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს. ქვითრის არმიღება მომხმარებელს არ ათავისუფლებს მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.

15. ბეჭდური ფორმის ქვითარი მომხმარებელს უნდა მიეწოდოს, თუ უცნობია ამ მომხმარებლის საკონტაქტო ნომერი ან ელექტრონული ფოსტის მისამართი. მომხმარებელს ბეჭდური ქვითარი ყოველთვიურად ასევე უნდა მიეწოდოს მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოთხოვნა განპირობებულია ელექტრონული ქვითრის შეთავაზებული ფორმით მიღების ტექნიკური საშუალებების არქონის ან/და ამ საშუალებებით სარგებლობის უარის შემთხვევაში.

16. ქვითარი მომხმარებელს შეიძლება ასევე მიეწოდოს ელექტრონული ფოსტის ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით, შესაბამის ფორმატში. ელექტრონული ფოსტის ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით ქვითრის მიწოდების შესახებ მომხმარებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის უნდა გაფორმდეს შეთანხმება, რომლითაც უნდა განისაზღვროს:
ა) ელექტრონული ფორმით ქვითრის და სხვა ინფორმაციის მიღების და ურთიერთგაცვლის საშუალება (მათ შორის, ელექტრონული ფოსტა, ნომერი ან სხვა). ამასთან, შესაძლებელია, მხარეები შეთანხმდნენ ქვითრის მიღების ძირითად და ალტერნატიულ ელექტრონულ მისამართებზე ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა ალტერნატიულ საშუალებებზე ერთდროულად;
ბ) სხვა პირობები და გარემოებები, საჭიროების შემთხვევაში.

17. ბეჭდური ქვითარი, ელექტრონული ფოსტის ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით გაგზავნილი ქვითარი უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

18. მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განაწილვადება შეიძლება მოხდეს მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებით, რაც უნდა გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულებით.

19. დავალიანების გადაუხდელობის გამო მომხმარებლისთვის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა არ შეიძლება საღამოს საათებში, შაბათს და კვირას, ასევე საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეებში და უქმე დღეების წინა დღეს. მომარაგების შეწყვეტა ასევე დაუშვებელია 1 ლარამდე დავალიანების შემთხვევაში.

20. მომხმარებელმა ქვითარზე ასახული გადასახდელი უნდა გადაიხადოს საბანკო ქსელის ან ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული გადახდის სხვა საშუალების მეშვეობით.

21. მომხმარებელზე დარიცხული თანხა სრულად უნდა იყოს მოცემული ქვითარში.

22. ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად დაუშვებელია მომხმარებლისათვის სასმელი წყლის საფასურის წინასწარ გადახდის მოთხოვნა. ამასთან, მომხმარებელს, სურვილის შემთხვევაში უფლება აქვს, მიმწოდებელთან შეთანხმებით წინასწარ გადაიხადოს სასმელი წყლის საფასური. ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებულ იქნება მომდევნო ანგარიშსწორებისას, ხოლო დაკლებული თანხა უნდა აუნაზღაურდეს წყალმომარაგების ლიცენზიატს.

23. დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ ერთი მომხმარებლის დავალიანების გადაკისრება სხვა მომხმარებელზე ამ უკანასკნელის წერილობითი თანხმობის გარეშე.

24. დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლებისთვის მომარაგების აღდგენა წყალმომარაგების ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს დავალიანების გადახდის ასახვიდან, მომხმარებლის მიერ ამ დავალიანების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენიდან, ან წყალმომარაგების ლიცენზიატსა და მოხმარებელს შორის დავალიანების ეტაპობრივი გადახდის გრაფიკის ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 საათში, თუ: გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა 09:00 საათიდან 16:00 საათამდე („მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათამდე), ხოლო შაბათ-კვირას 09:00 საათიდან 14:00 საათამდე. იმ შემთხვევაში, თუ გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა 16:00 საათის შემდეგ (მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათის შემდეგ), ხოლო შაბათ-კვირას – 14:00 საათის შემდეგ, – მომარაგება უნდა აღდგეს შემდგომი კალენდარული დღის 12:00 საათამდე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება  №23-სსმ III, №126, 01.10.2010წ; მუხ.1837
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №11 - ვებგვერდი, 05.09.2013 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №17 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 27.07.2017 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №18 - ვებგვერდი, 09.08.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 20 ივნისის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 24.06.2019 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 14 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 25.02.2020 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №60 - ვებგვერდი, 25.11.2020 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №82 - ვებგვერდი, 29.12.2023 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/80746-sasmeli-wqlis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/8-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/80746-sasmeli-wqlis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakheb/10.md
