---
title: "მუხლი 11. თანხის დარიცხვა და დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმები — ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/11"
law: "ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
article: "11"
identifier: "12"
adopted: "2009-07-09"
consolidated_as_of: "2026-06-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. თანხის დარიცხვა და დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმები — ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2026-06-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/11

1. მიმწოდებელს ან/და განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს საცალო მომხმარებელს მოსთხოვოს მის დეპოზიტზე თანხის შეტანა და დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოთხოვნილი თანხის დეპოზიტზე შეტანა უზრუნველყოს ამ წესებით განსაზღვრული, მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების ამოღების წესისა და პროცედურების გამოყენებით, მათ შორის, დეპოზიტზე შესატანი თანხის ამ მომხმარებლის დავალიანებაში ასახვით. ამასთან:
ა) მიმწოდებლის მიერ დეპოზიტი შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, თუ:
ა.ა) პირი, აბონენტად დარეგისტრირდა დროებით მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე,  მათ შორის, უძრავი ქონების ნაწილით დროებით სარგებლობისას;
ა.ბ) პირი გამანაწილებელ ქსელზე დროებით მიერთდა საყოფაცხოვრებო, სამშენებლო ან/და სხვა მიზნების განსახორციელებლად;
ა.გ) მომხმარებელმა სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში (დაუშვებელია ამ პუნქტის გამოყენება სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთათვის);
ა.დ) დავალიანების გადაუხდელობისათვის მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგება შეწყვეტილი აქვს 5 თვეზე მეტი პერიოდით, ამ წესების პირობების შესაბამისად (დაუშვებელია ამ პუნქტის გამოყენება სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთათვის).
ბ) განაწილების ლიცენზიატის მიერ დეპოზიტი შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, თუ საცალო მომხმარებელს მომსახურება შეუწყდა ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარებისთვის.

1¹. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით დეპოზიტის დარიცხვა დაუშვებელია ადმინისტრაციულ/სახელმწიფო ორგანოზე, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, რომელსაც სახელმწიფო ქონება გადაცემული აქვს მუდმივ ან დროებით სარგებლობაში, „სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. მიმწოდებელს უფლება აქვს მოითხოვოს დეპოზიტი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მხოლოდ მას შემდეგ, რაც საცალო მომხმარებელს წინასწარ ტექსტური შეტყობინებით (ბეჭდური ქვითრის შემთხვევაში, ასევე ქვითრის მეშვეობით) აცნობებს დეპოზიტის უფლების შესაძლო გამოყენების შესახებ, კერძოდ:
ა) ვადაგადაცილებით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელს უნდა აცნობოს: საფასურის ვადაგადაცილებით გადახდის ფაქტის განმეორების შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესახებ და ამ მომხმარებლის მიერ ბოლო 12-თვის განმავლობაში დავალიანების ვადაგადაცილებით გადახდის თარიღებზე ინფორმაცია;
ბ)  დავალიანების გადაუხდელობით გათიშულ მომხმარებელს, მომარაგების შეწყვეტიდან 3 თვის შემდეგ უნდა აცნობოს: დავალიანების 5 თვეზე მეტი პერიოდით გადაუხდელობის შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესახებ
3. დეპოზიტი არ უნდა იყოს ამ საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საშუალო თვიურ თანხაზე მეტი (სეზონურობის გათვალისწინებით), ხოლო აბონენტის დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის შემთხვევაში – ამ აბონენტის მიერ პირველ საანგარიშო პერიოდში მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობაზე მეტი. მომხმარებლისაგან დეპოზიტზე თანხის შეტანის განმეორებით მოთხოვნა დაუშვებელია, თუ ამ მომხმარებლის მიერ დეპოზიტზე შეტანილი თანხა არ იქნა მიმართული ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად წარმოქმნილი ვალდებულების დასაკმაყოფილებლად ან დაბრუნებული.
3 ​1 . განაწილების ლიცენზიატის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის შემთხვევაში, გარდა ამ წესების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა, პირი უფლებამოსილია დეპოზიტზე თანხის შეტანის ნაცვლად წარადგინოს რეზიდენტი პირის მიერ გაცემული, დეპოზიტზე შესატანი თანხის შესატყვისი ოდენობის საბანკო გარანტია (აღნიშნული უფლების შესახებ მომხმარებელს უნდა ეცნობოს დეპოზიტის მოთხოვნასთან ერთად). საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე გააგრძელოს მისი მოქმედება, წარადგინოს ახალი საბანკო გარანტია ან შეიტანოს დეპოზიტზე მოთხოვნილი თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, შეუწყვიტოს მომხმარებელს ბუნებრივი გაზის მიწოდება დარიცხული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაზე, ამ წესებით გათვალისწინებული პირობებისა და პროცედურების დაცვით. საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაზე ვრცელდება იგივე პირობები რაც ამ წესებით განსაზღვრულია დეპოზიტის ვადასთან, ოდენობასთან, მოთხოვნასთან და პროცედურებთან მიმართებით. პირის მიერ საბანკო გარანტიის წარდგენისას, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემს და საბანკო გარანტიიდან მოითხოვოს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დაფარვა.  დეპოზიტის მოთხოვნის უფლების გაუქმება იწვევს საბანკო გარანტიის შეწყვეტას.

4. დეპოზიტზე შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს საცალო მომხმარებელს, თუ:
ა) საცალო მომხმარებელმა ნებაყოფლობით უარი თქვა მომსახურებაზე და საბოლოო ანგარიშსწორებისას დარიცხული თანხა სრულად დაფარა;
ბ) 12 თვის განმავლობაში საცალო მომხმარებელი კეთილსინდისიერად ასრულებდა მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს და დარიცხული თანხა სრულად და დროულად არის გადახდილი (გარდა აბონენტის დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის საფუძველზე შეტანილი დეპოზიტისა).

5. თუ ბუნებრივი გაზის მრიცხველი დამონტაჟებულია საცალო მომხმარებლის დაცულ ტერიტორიაზე (მათ შორის, საცხოვრებელ ბინაში) და მომხმარებლის ბრალით ვერ მოხდება მრიცხველის ჩვენების აღება, მიმწოდებელს უფლება აქვს საცალო მომხმარებელს დაარიცხოს ერთი თვის პერიოდზე გადასახდელი, რომელიც გამოითვლება მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). განსხვავება ფაქტობრივ და დარიცხულ მოხმარებას შორის უნდა გასწორდეს (გადაანგარიშდეს) შემდგომში მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მრიცხველის ფაქტობრივი ჩვენების შესაბამისად.

6. განაწილების ლიცენზიატი პასუხისმგებელია ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოუყენებლობის შედეგად დამდგარ შედეგებზე. თუ განაწილების ლიცენზიატმა არგამოიყენა ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, რის შედეგადაც ადგილი აქვს მოხმარებული ბუნებრივი გაზის დავალიანების გადაუხდელობას, მხარეები უფლებამოსილი არიან, შეთანხმდნენ მისი გადახდის პირობებზე, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში ვალდებული არიან დაადგინონ დავალიანების გადახდის ის პირობები, რომლებიც გამომდინარეობენ კომისიის მოთხოვნიდან.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომიისის 2011 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №14 - ვებგვერდი, 09.08.2011 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის8 დეკემბრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 13.12.2011 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №19- ვებგვერდი, 20.08.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №29- ვებგვერდი, 24.12.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №82 - ვებგვერდი, 29.12.2023 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/11-1.md
