---
title: "მუხლი 16¹. ცენტრალური გათბობის სისტემის მფლობელ მომხმარებელზე ბუნებრივი გაზის ღირებულების დარიცხვა და გადახდა — ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/16-1"
law: "ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
article: "16^1"
identifier: "12"
adopted: "2009-07-09"
consolidated_as_of: "2026-06-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16¹. ცენტრალური გათბობის სისტემის მფლობელ მომხმარებელზე ბუნებრივი გაზის ღირებულების დარიცხვა და გადახდა — ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ, მუხლი 16¹ (consolidated as of 2026-06-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/16-1

1. ამ წესების მიზნებისათვის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ცენტრალური გათბობის მფლობელ მომხმარებლად მიიჩნევა პირი, რომელიც მოიხმარს ბუნებრივ გაზს, ერთდროულად, ცენტრალური გათბობის საყოფაცხოვრებო ან/და არასაყოფაცხოვრებო მიზნით მოსარგებლე პირთათვის. მიუხედავად იმისა, ვინ არის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ცენტრალურ გათბობის სისტემის ბუნებრივი გაზის მომხმარებლად რეგისტრირებული, მოხმარების მიზნობრიობა განისაზღვრება ცენტრალური გათბობის სისტემაში მოხმარების მიზნობრიობით, ამ მუხლის პირობების შესაბამისად.

2. ცენტრალური გათბობის მფლობელ მომხმარებელთან, საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებული ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური წილის გამოთვლა და ანგარიშსწორება შესაძლებელია, მხოლოდ შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში: ა) ცენტრალური გათბობით მოსარგებლე პირთა მოხმარება აღირიცხება ინდივიდუალურად, ჭკვიანი მრიცხველების საშუალებით, რომელსაც აქვს ფაქტობრივი მოხმარების შესახებ ინფორმაციის დისტანციურ რეჟიმში გადაცემის შესაძლებლობა (განაწილების ლიცენზიატისთვის მისაღებ ფორმატში); ბ) ცენტრალური გათბობის სისტემა სარგებლობს განახლებადი ან/და ალტერნატიული წყაროთი, გაზზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვასთან ერთად, ანგარიშსწორებისთვის, ასევე განსაზღვროს საყოფაცხოვრებო მოხმარების წილი, რომელიც გამოითვლება ცენტრალური გათბობის სისტემაში საერთო (ჯამურ) მოხმარებაზე, არასაყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარების გამოკლებით.

4. ამ მუხლის შესაბამისად, ცენტრალური გათბობის სისტემის მფლობელ მომხმარებლად რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში განმცხადებელმა, კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული განაცხადით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიატს. განაცხადთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს: ა) ცენტრალური გათბობის სისტემიდან ცხელი წყლით მომარაგებული ობიექტების სრული ჩამონათვალი, მათ მფლობელებისა და მოხმარების მიზნობრიობის (საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო), ასევე მომარაგებული ფართობის მითითებით; ბ)  ცენტრალური გათბობის სისტემიდან ცხელი წყლით მომარაგებული ჯამური ფართობის შესახებ ინფორმაცია; გ) ცენტრალური გათბობის სისტემის სქემა და მასზე დამონტაჟებული ჭკვიანი მრიცხველების გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ცენტრალური გათბობის სისტემიდან მომარაგებულ ობიექტებზე რეგისტრირებული ელექტროენერგიის მომხმარებლებისა და მათი მოხმარების მიზნობრიობის შესახებ ინფორმაცია.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია (აღნიშნული მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ პუნქტების გარდა) უნდა განახლდეს ყოველწლიურად (წინასწარგანსაზღვრულ დროს), ან ცენტრალური გათბობის სისტემიდან მომარაგებული ობიექტის მფლობელის მოხმარების მიზნობრიობის შეცვლის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ. ამასთან, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის განახლება უნდა მოხდეს განაწილების ლიცენზიატის მოთხოვნის შემთხვევაში.

6. თუ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატთან ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განახლებული ინფორმაცია არ იქნა წარდგენილი განსაზღვრულ ვადაში, ბუნებრივი გაზის მოხმარების მიზნობრიობის წილის გამოთვლა და მის მიხედვით დარიცხვა  არ უნდა მოხდეს მომდევნო საანგარიშსწორებო თვიდან.  ამასთან, მიუხედავად იმისა, თუ საანგარიშო პერიოდის რა მონაკვეთში განხორციელდება მოთხოვნილი ინფორმაციის სრულფასოვნად წარდგენა, ბუნებრივი გაზის მოხმარების მიზნობრიობის წილის გამოთვლა და მის მიხედვით დარიცხვა განახლდება ინფორმაციის სრულფასოვნად წარდგენის თარიღის მომდევნო საანგარიშსწორებო თვიდან.

7. მოცემული ინფორმაციის გამართულობასა და განაწილების ლიცენზიატისთვის დროულად მიწოდებაზე პასუხისმგებელია ცენტრალური გათბობის სისტემის ბუნებრივი გაზის მომხმარებელი. ამასთან, ინფორმაციის ნამდვილობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მომხმარებელს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 15.10.2024 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/17.md
