---
title: "მუხლი 27. განსაკუთრებული მოთხოვნები და პირობები — ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/27"
law: "ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
article: "27"
identifier: "12"
adopted: "2009-07-09"
consolidated_as_of: "2026-06-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. განსაკუთრებული მოთხოვნები და პირობები — ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2026-06-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/27

1. ამ მუხლში მოცემული ნორმები ვრცელდება მხოლოდ იმ განაწილების ლიცენზიატზე, რომელიც ასევე ეწევა ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობას და ახორციელებს მის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის რეალიზაციას.

2. განაწილების ლიცენზიატს მის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობისას უფლება არა აქვს მოახდინოს საცალო მომხმარებელთან ინდივიდუალური მოლაპარაკების გზით მომსახურების პირობების ცვლილება (მათ შორის, ურთიერთშეთანხმებული ბუნებრივი გაზის ფასის ცვლილება). შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობას, ვალდებულია საცალო მომხმარებელთან სახელშეკრულებო ურთიერთობა აწარმოოს მხოლოდ კომისიის მიერ წინასწარ დამტკიცებული პირობებით (ამ თავში განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით).

3. თუ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატს, რომელიც ასევე ეწევა ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობას და ახორციელებს მის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული საცალო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის რეალიზაციას, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება აღნიშნული საცალო მომხმარებლების ბუნებრივი გაზით უწყვეტ მომარაგებაზე, რაც გულისხმობს მის ვალდებულებას მიიღოს ყველა შესაძლო ზომა მომხმარებლების საუკეთესო პირობებით ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის.

4. თუ ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი, ეს წესები ან/და აღნიშნული კანონის შესაბამისად გამოცემული სამართლებრივი აქტი უშვებს მიმწოდებელსა და ამა თუ იმ სახის (კატეგორიის) მომხმარებელს შორის ბუნებრივი გაზის მოხმარების საფასურის სახელშეკრულებო პირობებით განსაზღვრას, და თუ ამ ურთიერთობებზე არ დგინდება სამომხმარებლო ტარიფები, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობისას ბუნებრივი გაზის ფასის გაზრდა ან შემცირება (მათ შორის, შეცვლილ გარემოებასთან მისადაგების მიზნით) განახორციელოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გამოცხადების შემდეგ (ამასთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გამოცხადებას წინ უნდა უსწრებდეს ამ ინფორმაციის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება).

5. ამ წესების შესაბამისად, მიმწოდებელმა ბუნებრივი გაზის ფასის გაზრდა შეიძლება განახორციელოს საცალო მომხმარებელთა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით შეტყობინებიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 2 თვის, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის – 1 თვის შემდეგ. ამ პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა და პროცედურების დარღვევის შემთხვევაში, დარღვევის გამოაშკარავებიდან არანაკლებ 2 თვის განმავლობაში, საცალო მომხმარებელთან ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს საფასურის გაზრდამდე არსებული ფასით.
5 ​1 . ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადები და პროცედურები არ ვრცელდება კომისიის მიერ დადგენილ ტარიფებთან მიმართებაში.

6. მომხმარებლის მიერ შეცვლილი გარემოებების ან პირობების მიღების (დათანხმების) მიზნით დაუშვებელია მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა ან შეწყვეტით დამუქრება, ან/და სხვა ქმედებით მომხმარებლის ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს მასზე და აფიქრებინოს, რომ ამ მოთხოვნის მიუღებლობით მას ან მის ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. ასეთი მოქმედების შედეგად მომხმარებლის თანხმობის მიუხედავად, თუ დადასტურდება ამ პუნქტით განსაზღვრული მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს გადაანგარიშება და მომხმარებელს ზიანის კომპენსაციასთან ერთად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა - შეცვლილ გარემოებამდე არსებული, ურთიერთშეთანხმებული ფასითა და პირობებით (მიუხედავად იმისა, წარმოებდა თუ არა მხარეებს შორის მოხმარებულ ბუნებრივ გაზზე სხვა საფასურით ანგარიშსწორება).

7. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ფაქტის დადასტურების შემთხვევაში გადაანგარიშება უნდა მოხდეს ყველა იმ მომხმარებელთან მიმართებაში, რომელთა მიმართ განხორციელდა აღნიშნული პირობებისა და პროცედურების დარღვევა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.
თავი V
მიმწოდებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის ურთიერთობები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/28.md
