---
title: "მუხლი 28. გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის განაწილება ან გატარება — ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/28"
law: "ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
article: "28"
identifier: "12"
adopted: "2009-07-09"
consolidated_as_of: "2026-06-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის განაწილება ან გატარება — ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2026-06-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/28

1. განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია ბუნებრივი გაზით მომარაგება განახორციელოს მიმწოდებლის მოთხოვნის შესაბამისად და დაუყოვნებლივ შეასრულოს მიმწოდებლის მოთხოვნა შესაბამისი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების ან მომარაგების შეწყვეტის შესახებ.
1 ​1 .  მიმწოდებლის მოთხოვნა მომარაგების შეწყვეტის ან აღდგენის შესახებ უნდა მოხდეს ამ წესებით განსაზღვრული პროცედურების დაცვით. პროცედურების დარღვევით გაკეთებული მოთხოვნის შესრულება დაუშვებელია. განაწილების ლიცენზიატის მიერ მოთხოვნის დახარვეზვების შემთხვევაში იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს არგუმენტირებული პასუხი მიმწოდებელს. ასეთ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება განაწილების ლიცენზიატს და ის ვალდებულია დაასაბუთოს დახარვეზების მიზეზები.

2. მიმწოდებელი ვალდებულია განაწილების ლიცენზიატს გაუგზავნოს მის განაწილების ქსელში მიწოდების საქმიანობის შესახებ შეტყობინება ამა თუ იმ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების მოთხოვნამდე ან მიაწოდოს აღნიშნული შეტყობინება ბუნებრივი გაზით მომარაგების მოთხოვნასთან ერთად.

3. განაწილების ქსელში მიწოდების საქმიანობის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს:
ა) განმცხადებლის (მიმწოდებლის) საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო რეკვიზიტებს;
ბ) განაწილების ლიცენზიანტის მომსახურების საფასურის გადახდაზე პასუხისმგებელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის (ასევე, სხვა ფორმის მეწარმე სუბიექტის) სახელს, მისამართს და საბანკო რეკვიზიტებს;
გ) ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებლისთვის მიწოდების დაწყების სავარაუდო თარიღსა და ინფორმაციას საპროგნოზო მოცულობების შესახებ;
დ) ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის ქსელში ბუნებრივი გაზის მიწოდების პუნქტის ადგილმდებარეობასა და დასახელებას;
ე) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულებას ან ბუნებრივი გაზის განაწილების ქსელში მიწოდების სხვა წყაროებს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებში მოცემული მონაცემები დამოკიდებულია შესაბამის მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებლებთან გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებასა და საცალო მომხმარებლის (მომხმარებლების) ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობებზე.

5. განაწილების ქსელში მიწოდების საქმიანობის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს ოთხი სამუშაო დღისა განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აცნობოს მიმწოდებელს ამ წესებით განსაზღვრული პირობებით ბუნებრივი გაზით საცალო მომხმარებლის მომარაგების მზადყოფნის შესახებ. საცალო მომხმარებლის მომარაგების მზადყოფნის დადასტურება არ გულისხმობს კონკრეტული მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებას და აღნიშნული უნდა განხორციელდეს ამ წესების 29-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.

6. ამ მუხლის შესაბამისად, განაწილების ქსელში მიწოდების საქმიანობის შესახებ შევსებული შეტყობინების განაწილების ლიცენზიანტთან წარდგენის შემდეგ, ბუნებრივი გაზის გატარების შესახებ ინდივიდუალურ ან/და ამ წესებით გაუთვალისწინებელ პირობებზე მიმწოდებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის შეუთანხმებლობის მიუხედავად, შეტყობინების შეტანიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია განაცხადში მოცემული პირობებისა და მიმწოდებლის მიერ საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების მითითების საფუძველზე უპირობოდ განახორციელოს ამ მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად საჭირო პროცედურები და იმოქმედოს ამ წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით.

7. განაწილების ლიცენზიანტს უფლება არ აქვს უარი უთხრას მიმწოდებელს მისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უარი დასაბუთებულია მის მიერ გაწეული გატარების მომსახურების საფასურის ან/და ამ მიმწოდებლის საცალო მომხმარებლის ფაქტობრივი მოხმარების შევსებისათვის გაწეული ხარჯების  გადაუხდელობით.

8. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია სხვა პირის მიერ მისი განაწილების ქსელში მიწოდების საქმიანობის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, კომისიას წერილობით მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) მიწოდების საქმიანობის შესახებ შეტყობინების რეგისტრაციის ნომერი და თარიღი;
ბ) განმცხადებლის (მიმწოდებლის) საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო რეკვიზიტები;
გ) შეტყობინებაში მოცემული ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებლისთვის მიწოდების დაწყების სავარაუდო თარიღისა და საპროგნოზო მოცულობების შესახებ;
დ) განაწილების ლიცენზიატის მიერ შეტყობინების საპასუხოდ გაგზავნილი წერილის მოკლე შინაარსი (მის მიერ ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებლისთვის მომარაგების მზადყოფნის ან უარის შესახებ), ასევე, ამ წერილის გაგზავნის თარიღი და ნომერი.

9. განაწილების ლიცენზიანტს ბუნებრივი გაზის განაწილების ან გატარების საფასური უნდა აუნაზღაურდეს მის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელ ქსელში ფაქტობრივად განაწილებული ან გატარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის შესაბამისად, კომისიის მიერ ამ მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის მიხედვით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 მარტის დადგენილება№4-სსმ III, №31, 24.03.2010წ; მუხ.463
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/29.md
