---
title: "მუხლი 29. მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულება — ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/29"
law: "ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
article: "29"
identifier: "12"
adopted: "2009-07-09"
consolidated_as_of: "2026-06-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29. მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულება — ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ, მუხლი 29 (consolidated as of 2026-06-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/29

1. მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება საჭიროებს იმ განაწილების ლიცენზიანტისათვის მიწოდებას, რომლის მეშვეობითაც ხდება საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის გატარება, განაწილება, ან/და ფაქტობრივი მოხმარების შევსება.

2. მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებულ ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებასთან ერთად მიმწოდებელმა შესაბამის განაწილების ლიცენზიატს უნდა მიაწოდოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) საცალო მომხმარებლის დასახელება, მისამართი და იმ აბონენტის ნომერი, სადაც უნდა მოხდეს ბუნებრივი გაზით მომარაგება;
ბ) მომხმარებლისათვის მოთხოვნილი წნევა, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში შესაძლებელია ასევე მოთხოვნილ იქნეს ბუნებრივი გაზის საპროგნოზო მიწოდებისა და მოხმარების წლიური, თვიური, დღიური და საათობრივი გეგმა-გრაფიკი;
გ) საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირების მომსახურების შესახებ ხელშეკრულება;
დ) მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მოხმარების (მომარაგების) დაბალანსების უზრუნველყოფის პირობები (საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ხელშეკრულების ასლი).

3. განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია ბუნებრივი გაზის ნასყიდობის კონკრეტული ხელშეკრულების შესაბამისად ბუნებრივი გაზის გატარებაზე და მასთან დაკავშირებული სხვა სახის მომსახურებაზე უარი თქვას იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულია საცალო მომხმარებლის მიერ მიმწოდებლისგან ბუნებრივი გაზის შესყიდვის დაწყების ამ წესებთან აშკარად შეუსაბამო ვადები;
ბ) არ არის განსაზღვრული საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების დაბალანსების უზრუნველყოფის პირობები.
3 ​1 . განაწილების ლიცენზიატის მიერ, მიმწოდებლისაგან მიღებული ინფორმაციით თუ დგინდება, რომ საცალო მომხმარებელი მარაგდება სხვა მიმწოდებლის მიერ (მომსახურება არ არის შეწყვეტილი ამ წესების მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის პროცედურების თანახმად), განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მხარეებს აღნიშნულის თაობაზე და უარი უთხრას მიმწოდებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამ პროცედურების დაცვა არ არის სავალდებულო, თუ მიმწოდებლისაგან მიღებულ მოთხოვნას თან ახლავს საცალო მომხმარებლის თანხმობა მოქმედი ხელშეკრულების შეწყვეტაზე ან მიმწოდებლებსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, ამ წესების 29-ე მუხლის, მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციასთან ერთად. ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი არსებულ მიმწოდებელთან ამ კონკრეტული მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების (მომსახურების) შეწყვეტისა და ახალი მიმწოდებლ(ებ)ისაგან ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებლისათვის მიწოდების დაწყების ზუსტ თარიღს განსაზღვრავს ამ წესების მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების დაცვით. ხელშეკრულების შეწყვეტისას მოქმედებს ამ წესებით დადგენილი მოთხოვნები.

4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია საცალო მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განსაზღვროს მიმწოდებლის მიერ შესაბამისი საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების დაწყების ზუსტი თარიღი ამ წესების პირობების გათვალისწინებით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული ხელშეკრულების მიღებიდან 40 კალენდარულ დღეს (თუ მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით ბუნებრივი გაზის მიწოდების დაწყების უფრო გვიანი ვადა არ არის გათვალისწინებული). განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აცნობოს მხარეებს ბუნებრივი გაზის მიწოდების დაწყების ზუსტი თარიღი მისი განსაზღვრისთანავე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 მარტის დადგენილება№4-სსმ III, №31, 24.03.2010წ; მუხ.463
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/30.md
