---
title: "მუხლი 33. ღია (საჯარო) ინფორმაცია — ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/33"
law: "ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
article: "33"
identifier: "12"
adopted: "2009-07-09"
consolidated_as_of: "2026-06-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. ღია (საჯარო) ინფორმაცია — ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2026-06-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/33

1. მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არიან მომსახურების ცენტრებში ხელმისაწვდომი გახადონ შემდეგი ინფორმაცია:
ა) არსებული და დაგეგმილი მომსახურების სახეებისა და შეღავათების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) ბუნებრივი გაზის მოხმარების ფასის, მათ შორის, განაწილების, გატარებისა და სამომხმარებლო ტარიფების და მათთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ;
გ) ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპური ხელშეკრულების შესახებ;
დ) აბონენტის ბრუნვის ისტორიის და განცხადებებზე რეაგირების შესახებ;
ე) გასული წლის (წლების) საქმიანობის ანგარიში, ასევე მომავალი წლის სამუშაო გეგმისა და საინვესტიციო პროგრამის შესახებ;
ვ) გამანაწილებელი ქსელში ბუნებრივი გაზის მიღებისა და მიწოდების (მოხმარების) ერთიანი ბაზის შესახებ;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღია (საჯარო) ინფორმაცია.
1 ​1 . თუ კომისიის აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული აბონენტის პირადი ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ აბონენტად რეგისტრირებული პირისათვის.

2. განაწილების ლიცენზიატი დამატებით ვალდებულია მომსახურების ცენტრებში ასევე ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) მიმწოდებლების შესახებ, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მოხმარების სავარაუდო ფასისა და ამ მიმწოდებლების საკონტაქტო რეკვიზიტების მითითებით (მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე);
ბ) ინფორმაციის გავრცელების მედიასაშუალებების ჩამონათვალი (იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულის მითითებით, რომლის შესახებაც იქნება ინფორმაცია გავრცელებული), ბუნებრივი გაზით მომარაგების გეგმური და არაგეგმური წყვეტებისა და აღდგენის, ასევე წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) შესახებ ჟურნალის ჩანაწერები;
გ) აკრედიტებული ლაბორატორიების ჩამონათვალი (ნუსხა) მათი მისამართის მითითებით;
დ) საპროექტო-სამშენებლო ორგანიზაციების (საწარმოების) ჩამონათვალი (ნუსხა) მათი მისამართისა და საკონტაქტო მონაცემების (ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის და სხვა საშუალების ნომერის/მისამართის) მითითებით (აღნიშნული საწარმოების მოთხოვნის შესაბამისად);
ე) (ამოღებულია - 26.08.2016 №19)
ვ) საცალო მომხმარებელთა შემოწმების გეგმა-გრაფიკი (შესაბამის უბნებზე გეგმიური შემოწმების სავარაუდო ვადების მითითებით).
ზ) განაწილების ლიცენზიის სალიცენზიო არეალისა და მასში განხორციელებული ცვლილების შესახებ, მათ შორის, სალიცენზიო არეალის შემცირების ან გაზრდის შესახებ, შესაბამისი საფუძვლის მითითებით.

3. მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არიან ამ მუხლში მოცემული ინფორმაცია განათავსონ (გამოაცხადონ) ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე (მათ შორის ოფიციალურ ვებგვერდზე) ისე, რომ არ მოხდეს სხვა პირის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება; გამოცხადებული ინფორმაციის განახლება უნდა მოხდეს მისი მიღებიდან უმოკლეს ვადაში (არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ბოლო განახლების დროისა და თარიღის მითითებით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 მარტის დადგენილება№4-სსმ III, №31, 24.03.2010წ; მუხ.463
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №19 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 14 თებერვლის  დადგენილება №8 - ვებგვერდი, 26.02.2020 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №60 - ვებგვერდი, 25.11.2020 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2026 წლის 4 ივნისის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 09.06.2026 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/34.md
