---
title: "მუხლი 38¹. ბუნებრივი გაზით მომარაგების ხელშეწყობის პროგრამის საფუძველზე გამანაწილებელ ქსელთან მიერთების სპეციალური წესი — ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/38-1"
law: "ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
article: "38^1"
identifier: "12"
adopted: "2009-07-09"
consolidated_as_of: "2026-06-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38¹. ბუნებრივი გაზით მომარაგების ხელშეწყობის პროგრამის საფუძველზე გამანაწილებელ ქსელთან მიერთების სპეციალური წესი — ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ, მუხლი 38¹ (consolidated as of 2026-06-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/38-1

1. ამ მუხლით განსაზღვრული პირობები და საფასური ვრცელდება ახლად გაზიფიცირებულ დასახლებებში ახალი ობიექტების გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის სალიცენზიო არეალის ცვლილებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, თუ გაზიფიცირება განხორციელებულია: ა) საქართველოს მთავრობის განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ხელშეწყობის პროგრამის („გაზიფიცირების პროგრამა“) ფარგლებში; ან ბ) განაწილების ლიცენზიატის მიერ, არაგაზიფიცირებული დასახლებ(ებ)ის გაზიფიცირების შემთხვევაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების მე-19 და 19 ​1 მუხლებით, თუ ამ მუხლით გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.

3. დაბალი წნევის ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის (მოთხოვნილი სიმძლავრით – 0-6 კუბ.მ/სთ) გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შემთხვევაში, თუ „გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადით მოთხოვნილია შიდა ქსელის მოწყობა, განაწილების ლიცენზიატი წესების მე-19 მუხლის მე-8 პუნქტში ჩამოთვლილ სამუშაოებთან ერთად ასევე ვალდებულია უზრუნველყოს ამ ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შიდა ქსელის ერთი წერტილის მოწყობა (განაწილების ლიცენზიატის მიერ დამტკიცებული სტანდარტული პირობით) და ბუნებრივი გაზის მოხმარების ერთი ხელსაწყოს დაერთება ახალი მომხმარებლის მიერ მითითებულ ადგილზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ადგილი აქვს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მოთხოვნას). მიერთების შედეგად მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიამდე შექმნილი გამანაწილებელი ქსელი, მათ შორის, აღრიცხვის კვანძი (მიუხედავად მრიცხველის მდებარეობისა) და სხვა საშუალებები წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატის საკუთრებას, ხოლო მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე მოწყობილი ქსელი (შიდა ქსელი) წარმოადგენს მომხმარებლის საკუთრებას.

4. დაბალი წნევის ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის (მოთხოვნილი სიმძლავრით – 0-6 კუბ.მ/სთ) გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი, მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე, ვალდებულია მოახდინოს მიერთების საფასურის განწილვადება 17 თვეზე. შესაბამისად, მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია მიერთების საფასური გადაიხადოს ყოველთვიურად, 17 თვეზე თანაბარწილად, მათ შორის, პირველი გადასახადი – განაცხადის წარდგენამდე, ხოლო დარჩენილი თანხა – ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებიდან 16 თვის განმავლობაში.

5. ეს მუხლი მოქმედებს 2030 წლის 1 იანვრამდე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2026 წლის 4 ივნისის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 09.06.2026 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/38.md
Next article: https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/39.md
