---
title: "მუხლი 8. მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებები და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის გაფართოება — ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/8"
law: "ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ"
article: "8"
identifier: "12"
adopted: "2009-07-09"
consolidated_as_of: "2026-06-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებები და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის გაფართოება — ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2026-06-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/8

1. მიმწოდებელი ვალდებულია საცალო მომხმარებლისგან მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის ამოღებისას იმოქმედოს განაწილების ლიცენზიატის ინტერესების გათვალისწინებით (ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად).

2. განაწილების ლიცენზიატს, მისთვის საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებისას გაწეული გატარების (ან განაწილების) მომსახურების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში უფლება აქვს, წინასწარი გაფრთხილებიდან 10 დღის შემდეგ შეუწყვიტოს მომსახურება შესაბამის მიმწოდებელს.

3. განაწილების ქსელში მიწოდებული ბუნებრივი გაზის ოდორიზაციისა და სხვა ტექნიკური მახასიათებლების კონტროლზე პასუხისმგებლობა ეკისრება განაწილების ლიცენზიატს (ხოლო ტრანსპორტირების ქსელში ოდორიზაცია და სხვა ტექნიკურ მახასიათებლებზე პასუხისმგებლობა და კონტროლი ეკისრება ტრანსპორტირების ლიცენზიატს). გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის ხარისხი, წნევა, სუნი და სხვა მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედ წესებსა და კანონმდებლობით დადგენილ ნორმებსა და სტანდარტებს.

4. ამ წესების შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ფლობდეს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელს და მის შემადგენელ დანადგარებს, მათ შორის, გაზომვის საშუალებებს (მრიცხველებს) და სხვა სახის მოწყობილობებს საცალო მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიამდე, ამასთან, იგი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება და მოხმარების აღრიცხვა.

5. განაწილების ლიცენზიატის გამანაწილებელი ქსელის გაფართოება, რეკონსტრუქცია, შეკეთება, დანადგარების ან/და მოწყობილობების (ასევე მრიცხველის) დამონტაჟება-მიერთება, ექსპლუატაციიდან გამოყვანა ან ჩართვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განაწილების ლიცენზიატის მეშვეობით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 მარტის დადგენილება№4-სსმ III, №31, 24.03.2010წ; მუხ.463

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/7-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/84724-bunebrivi-gazis-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkitsebis-shesakh/9.md
