---
title: "მუხლი 15. სარეგისტრაციო წარმოებისას ხარვეზის დადგენა, სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინების შეჩერება და განახლება — ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/88696-mewarmeta-da-arasamewarmeo-arakomertsiul-iuridiul-pirta-registratsiis-/15"
law: ",,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "15"
identifier: "matsne 88696"
adopted: "2009-12-31"
consolidated_as_of: "2021-12-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. სარეგისტრაციო წარმოებისას ხარვეზის დადგენა, სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინების შეჩერება და განახლება — ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2021-12-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 15 (consolidated as of 2021-12-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/88696-mewarmeta-da-arasamewarmeo-arakomertsiul-iuridiul-pirta-registratsiis-/15

1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ხარვეზის დადგენის შესახებ, თუ:
ა) განცხადება ან/და მასზე თანდართული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტი ან ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი ამ ინსტრუქციით ან/და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და წესით, და სააგენტოში არაა დაცული შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც უნდა დაედოს რეგისტრაციას საფუძვლად;
ბ) სარეგისტრაციოდ წარდგენილია არაზუსტი, არაიდენტიფიცირებადი ან არასრულყოფილი მონაცემები;
გ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი 2010 წლის 1 იანვრამდე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;
დ) არ არის გადახდილი მომსახურების საფასური;
ე) ვერ ხერხდება განმცხადებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება ან მოთხოვნა და წარმოდგენილი დოკუმენტები ურთიერთშეუსაბამოა;
ვ) წარმოდგენილია უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ გაცემული კანონიერ ძალაში შესული სამართლებრივი აქტი, რომელიც ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებას;
ზ) წარმოდგენილი დოკუმენტები გადაიგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში მათი კანონიერების შესწავლის მიზნით;
თ) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სააგენტო დაინტერესებულ პირს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს 30-დღიან ვადას, რომელიც აითვლება დაინტერესებული პირის მიერ ხარვეზის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების ეროვნული სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნების შემთხვევაში, გამოქვეყნებიდან. აღნიშნული ვადის გაგრძელება დაუშვებელია, ხოლო თუ ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ იქნება აღმოფხვრილი, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

3. ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადის განმავლობაში სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინება ითვლება შეჩერებულად.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინება შეჩერებულად ითვლება შესაბამისი ორგანოს კანონიერ ძალაში შესულ აქტში მითითებული ვადით ან/და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების სამართლებრივი საფუძვლის აღმოფხვრამდე.

5. ხარვეზის გამოსწორებისთვის დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ.

6. სარეგისტრაციო წარმოების ვადის განახლების შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა იწყება ხელახლა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/88696-mewarmeta-da-arasamewarmeo-arakomertsiul-iuridiul-pirta-registratsiis-/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/88696-mewarmeta-da-arasamewarmeo-arakomertsiul-iuridiul-pirta-registratsiis-/16.md
