---
title: "მუხლი 7. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან — ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/88696-mewarmeta-da-arasamewarmeo-arakomertsiul-iuridiul-pirta-registratsiis-/7"
law: ",,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "7"
identifier: "matsne 88696"
adopted: "2009-12-31"
consolidated_as_of: "2021-12-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან — ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2021-12-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 7 (consolidated as of 2021-12-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/88696-mewarmeta-da-arasamewarmeo-arakomertsiul-iuridiul-pirta-registratsiis-/7

1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან გაიცემა ნებისმიერ პირზე და მზადდება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად (გარდა რეგისტრაციის გაუქმებისა), რეგისტრირებული მონაცემის არსებობის შემთხვევაში კი – შესაბამისი მოთხოვნისას.

2. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან მზადდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა და მოვალეთა რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს სუბიექტის შესახებ ამ რეესტრებში რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს.

3. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან უნდა ასახავდეს:
ა)  ინფორმაციას განცხადების რეგისტრაციისა და ამონაწერის მომზადების თარიღების, რეგისტრირებული უფლებებისა და ვალდებულებების რეგისტრაციის თარიღისა და სარეგისტრაციო ნომრების შესახებ;
ბ) ინფორმაციას სუბიექტის სახელწოდების, სამართლებრივი ფორმის, საიდენტიფიკაციო ნომრის, სუბიექტის რეგისტრაციის თარიღის, მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელების, იურიდიული მისამართის და ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ;
გ) დამატებით ინფორმაციას სუბიექტის იურიდიული მისამართისაგან განსხვავებული მისამართისა და ტელეფონის ნომრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ;
დ) ინფორმაციას ამონაწერის მომზადების მომენტისათვის რეგისტრირებული საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლებათა, მოძრავ ნივთებზე და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მათი რეგისტრაციის თარიღისა და ფარგლების, ამ შეზღუდვის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტებისა და მისი გამომცემი ორგანოს შესახებ;
ე) ინფორმაციას, ამონაწერის მომზადების მომენტისათვის მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული მოვალის  მონაცემების შესახებ.

4. იურიდიული პირის შემთხვევაში, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან  ასევე უნდა ასახავდეს:
ა) ინფორმაციას ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის/გადახდისუუნარობის პროცესის მიმდინარეობის შესახებ;
ბ) ინფორმაციას რეორგანიზაციის ისტორიის შესახებ (ამონაწერზე შესაბამისი ინფორმაციის ველი აისახება მხოლოდ მისი არსებობის შემთხვევაში);
გ) ინფორმაციას მმართველობითი ორგანოების შესახებ;
დ) ინფორმაციას ხელმძღვანელობა ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების და მათი საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების შესახებ;
ე) ინფორმაციას პროკურისტის და მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების შესახებ (ამონაწერზე შესაბამისი ინფორმაციის ველი აისახება მხოლოდ ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში, ინფორმაციას საწარმოს რეგისტრირებული პარტნიორების და მათი საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების, პარტნიორთა წილების,  მათ წილებზე გირავნობის უფლებისა და საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების, პარტნიორთა წილებზე მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული უფლებების შესახებ;
ზ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში, ინფორმაციას საწარმოს პარტნიორთა წილის მმართველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების შესახებ;
თ) კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში აღნიშვნას, რომელი პარტნიორია შეზღუდული და რომელი – სრული (ამონაწერზე შესაბამისი ინფორმაციის ველი აისახება მხოლოდ ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში, ინფორმაციას საწარმოს პარტნიორებისა და მათი საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების შესახებ (ამონაწერზე შესაბამისი ინფორმაციის ველი აისახება მხოლოდ ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური მოსარჩელის სტატუსის რეგისტრაციის შემთხვევაში, სპეციალური მოსარჩელის სტატუსის შესახებ მონაცემებს, ასევე ინფორმაციას, რომ სპეციალური მოსარჩელის სტატუსის შესახებ ჩანაწერი ძალაშია სტატუსის რეგისტრაციიდან 3 წლის განმავლობაში.

5. ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან  ასევე უნდა ასახავდეს:
ა) ინფორმაციას ინდივიდუალური მეწარმის საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების შესახებ;
ბ) ინფორმაციას პროკურისტის და მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების შესახებ (ამონაწერზე ინფორმაცია პროკურისტის შესახებ აისახება ხელმძღვანელობის/ წარმომადგენლობის ველში. შესაბამისი ველი ამონაწერზე აისახება მხოლოდ პროკურისტის არსებობის შემთხვევაში).

6. უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის  ფილიალის (წარმომადგენლობის) შემთხვევაში, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან  ასევე უნდა ასახავდეს ინფორმაციას უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების შესახებ.

7. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან უნდა ასახავდეს ერთ სუბიექტზე რეგისტრირებულ მონაცემებს.

8. იურიდიული პირების შემთხვევაში, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერის ფორმა განისაზღვრება ამ ინსტრუქციის დანართი №1-ით, ხოლო ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – ამ ინსტრუქციის დანართი №1-ით.

9. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მოქმედების ვადა არის განუსაზღვრელი.
საქართველოს იუსტიციის მინიტრის 2016 წლის 30 ივლისის ბრძანება №147 - ვებგვერდი, 31.07.2016 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №668 - ვებგვერდი, 31.12.2020 წ.
თავი III
სარეგისტრაციო წარმოება და რეგისტრაციის წესი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/88696-mewarmeta-da-arasamewarmeo-arakomertsiul-iuridiul-pirta-registratsiis-/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/88696-mewarmeta-da-arasamewarmeo-arakomertsiul-iuridiul-pirta-registratsiis-/8.md
