---
title: "მუხლი 16. არბიტრაჟის კომპეტენცია — არბიტრაჟის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/89284-arbitrazhis-shesakheb/16"
law: "არბიტრაჟის შესახებ"
article: "16"
identifier: "1280"
adopted: "2009-06-19"
consolidated_as_of: "2019-09-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. არბიტრაჟის კომპეტენცია — არბიტრაჟის შესახებ

> Text consolidated as of 2019-09-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არბიტრაჟის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2019-09-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/89284-arbitrazhis-shesakheb/16

1. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება საკუთარი კომპეტენციის შესახებ, საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის თუ ნამდვილობის დადგენის ჩათვლით. ამ მიზნით საარბიტრაჟო დათქმა, რომელიც ხელშეკრულების ნაწილია, განიხილება საარბიტრაჟო შეთანხმებად, რომელიც არ არის დამოკიდებული ხელშეკრულების სხვა პირობებზე. ხელშეკრულების ბათილად ცნობა არ გამოიწვევს საარბიტრაჟო დათქმის ბათილობას.

2. განცხადება იმის შესახებ, რომ არბიტრაჟს არ აქვს კომპეტენცია, შეიძლება გაკეთდეს საარბიტრაჟო შესაგებლის წარდგენამდე. მხარის მიერ არბიტრის დანიშვნა ან არბიტრის დანიშვნაში მონაწილეობა არ ართმევს ამ მხარეს უფლებას, გააკეთოს ასეთი განცხადება.

3. განცხადება არბიტრაჟის მიერ საკუთარი კომპეტენციის გადაჭარბების შესახებ უნდა გაკეთდეს მხარის მიერ შესაბამისი გარემოების შეტყობიდან 7 დღის ვადაში.

4. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ შეიძლება გაკეთდეს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგაც, თუ აღნიშნული ვადის გასვლას არბიტრაჟი საპატიოდ მიიჩნევს.

5. არბიტრაჟი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე ან საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან ერთად. თუ არბიტრაჟი საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე დაადგენს, რომ მას აქვს შესაბამისი კომპეტენცია, ნებისმიერ მხარეს აქვს უფლება, არბიტრაჟის ამგვარი გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება სასამართლოში. არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ სასამართლოს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში. ეს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტამდე საარბიტრაჟო განხილვა შეიძლება დაიწყოს, გაგრძელდეს და გამოტანილ იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.

6. მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში არბიტრაჟი საკუთარი კომპეტენციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე ან საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან ერთად. საქართველოს 2015 წლის 18 მარტის კანონი №3218 – ვებგვერდი, 26.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/89284-arbitrazhis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/89284-arbitrazhis-shesakheb/17.md
