---
title: "მუხლი 22. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლები — არბიტრაჟის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/89284-arbitrazhis-shesakheb/22"
law: "არბიტრაჟის შესახებ"
article: "22"
identifier: "1280"
adopted: "2009-06-19"
consolidated_as_of: "2019-09-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლები — არბიტრაჟის შესახებ

> Text consolidated as of 2019-09-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არბიტრაჟის შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2019-09-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/89284-arbitrazhis-shesakheb/22

1. მხარეს შეიძლება უარი ეთქვას საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიებები, მიმართავს სასამართლოს და დაამტკიცებს, რომ: ა.ა) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებაზე უარი ეფუძნება ამ კანონის 45-ე მუხლის პირველ პუნქტში მოცემულ გარემოებებს; ა.ბ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენის თაობაზე არ იქნა შესრულებული; ა.გ) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეაჩერა ან გააუქმა არბიტრაჟმა, ან იმ ქვეყნის სასამართლომ, სადაც ტარდება საარბიტრაჟო განხილვა, ან იმ ქვეყნის სასამართლომ, რომლის სამართლის შესაბამისადაც იქნა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებები; ბ) სასამართლო მიიჩნევს, რომ: ბ.ა) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულება სცილდება სასამართლოს უფლებამოსილებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას უზრუნველყოფის ღონისძიების არსებითად შეცვლის გარეშე მისი ფორმის იმ ფარგლებში შეცვლის შესახებ, რომლებიც აუცილებელია აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების კანონმდებლობით დადგენილი წესით აღსრულებისათვის; ბ.ბ) ამ კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობები გამოიყენება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი საფუძვლით სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებაზე.

3. სასამართლო, რომელსაც გამოაქვს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებაზე, გადაწყვეტილების გამოტანისას არსებითად არ იხილავს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/89284-arbitrazhis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/89284-arbitrazhis-shesakheb/23.md
