---
title: "მუხლი 4. კონფიდენციალობის პრინციპი — ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/9000000001-advokatta-propesiuli-etikis-kodeksi/4"
law: "ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი"
article: "4"
identifier: "matsne 9000000001"
adopted: "2006-04-15"
consolidated_as_of: "2012-12-08"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 4. კონფიდენციალობის პრინციპი — ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი

> Text consolidated as of 2012-12-08. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი, მუხლი 4 (consolidated as of 2012-12-08), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/9000000001-advokatta-propesiuli-etikis-kodeksi/4

1. ინფორმაცია, რომელიც ადვოკატისთვის ცნობილი გახდა მისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, კონფიდენციალურია. ადვოკატი ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალური ინფორმაცია იმგვარად, რომ მესამე პირებს მასზე ხელი არ მიუწვდებოდეს. კონფიდენციალობის ვალდებულება ვრცელდება ნებისმიერ ინფორმაციაზე, რაც ადვოკატისთვის ცნობილი გახდა კლიენტისაგან ან იურიდიული რჩევის მიღების სხვა მსურველისაგან, რომელიც ადვოკატმა მიაწოდა კლიენტს ან ადვოკატმა სხვა წყაროდან გაიგო კლიენტთან ან მის საქმესთან დაკავშირებით. (08.12.2012) 2. კონფიდენციალობის ვალდებულება არ არის შეზღუდული დროში.

3. ადვოკატმა განზრახ არ უნდა გამოიყენოს კონფიდენციალური ინფორმაცია: ა) კლიენტის წინააღმდეგ; ბ) საკუთარი ან მესამე პირის მიზნებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კლიენტი შესაბამის თანხმობას განაცხადებს. (08.12.2012) 4. ადვოკატს შეუძლია გაამჟღავნოს კონფიდენციალური ინფორმაცია: ა) კლიენტის თანხმობის საფუძველზე; ბ) თუ ინფორმაციის ამგვარი გამოყენება წარმომადგენლობის ან დაცვის პროცესში გამართლებულია და აუცილებელია კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე იმ პირობით, რომ ასეთი ინფორმაციის გაცემა კლიენტს ადვოკატისთვის წინასწარ არ აუკრძალავს; გ) თუ ეს აუცილებელია ადვოკატის მიერ მის მიმართ წაყენებული ბრალდებისაგან ან მოთხოვნისგან თავის დასაცავად ან საკუთარი ჰონორარის მიღებისათვის. (08.12.2012) 5. ადვოკატმა მის პარტნიორებს, თანამშრომლებს და სხვა პირებს, რომლებიც მის მიერ მოწვეულნი არიან პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, უნდა მოსთხოვოს კონფიდენციალობის დაცვა. (08.12.2012)

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/9000000001-advokatta-propesiuli-etikis-kodeksi/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/9000000001-advokatta-propesiuli-etikis-kodeksi/5.md
