---
title: "მუხლი 12. ეთიკის კომისიის წევრის აცილება — ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება"
url: "https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/12"
law: "ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება"
article: "12"
identifier: "matsne 9000000002"
adopted: "2010-12-11"
consolidated_as_of: "2018-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 12. ეთიკის კომისიის წევრის აცილება — ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება

> Text consolidated as of 2018-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება, მუხლი 12 (consolidated as of 2018-12-23), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/12

1. დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე მხარეს, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე ეთიკის კომისიის წევრის ან მთელი დისციპლინური კოლეგიის ამ დებულებით დადგენილი აცილების საფუძველი, უფლება აქვს ეთიკის კომისიის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე წერილობით განაცხადოს დასაბუთებული აცილება.

2. დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე მხარემ უნდა წარადგინოს განცხადება აცილების შესახებ 5 დღის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა გარემოება, რომელიც იძლევა ეთიკის კომისიის წევრის ან დისციპლინური კოლეგიის აცილების საფუძველს.

3. ეთიკის კომისიის წევრის აცილების ან თვითაცილების შესახებ განცხადებას იხილავს დისციპლინური კოლეგია იმ წევრის მონაწილეობის გარეშე, ვისი აცილების ან თვითაცილების საკითხიც დგას. დგას. წევრის აცილების წინააღმდეგ ან ასეთი აცილების მხარდასაჭერად ხმების თანაბარი რაოდენობის დროს წევრი აცილებულად ითვლება და იგი უნდა შეიცვალოს ალტერნატიული წევრით. მთელი დისციპლინური კოლეგიის აცილების საკითხი განიხილება ამ დისციპლინური კოლეგიის ყველა წევრის მონაწილეობით. გადაწყვეტილება მიიღება განხილვაში მონაწილე დისციპლინური კოლეგიის წევრების ხმათა უმრავლესობით (23.12.2018).

4. აცილების ან თვითაცილების შესახებ განცხადება დაკმაყოფილდება, თუ დადასტურდება მე-11 მუხლის 1-ლ პუნქტში დადგენილი გარემოებები.

5. ეთიკის კომისიის წევრის აცილების ან თვითაცილების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დისციპლინური კოლეგიის თავმჯდომარემ უნდა გადადოს საქმის განხილვა და მიმართოს ეთიკის კომისიის თავმჯდომარეს დისციპლინური კოლეგიის ალტერნატიული წევრის დანიშვნის თაობაზე, ხოლო მთელი დისციპლინური კოლეგიის აცილების შემთხვევაში - საქმის სხვა დისციპლინური კოლეგიისათვის გადაცემის თაობაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/9000000002-advokatta-distsiplinuri-pasukhismgeblobisa-da-distsiplinuri-warmoebis-/13.md
