---
title: "მუხლი 118¹. პირის იდენტიფიცირების შეზღუდვა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/118-1"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "118^1"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 118¹. პირის იდენტიფიცირების შეზღუდვა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 118¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/118-1

1. პროკურორი უფლებამოსილია საქართველოს გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით დაფაროს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე იმ პირის ვინაობა, რომელიც გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობს, თუ მისი ვინაობის გამჟღავნება ზიანს აყენებს ამ პირის უსაფრთხოებას ან/და არსებითად ხელყოფს მართლმსაჯულების ინტერესს.

2. ბრალდების მხარე უზრუნველყოფს საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ყველა დოკუმენტსა და მასალაში, აგრეთვე სხვა საპროცესო მოქმედებებში პირის ვინაობის იმგვარად დაფარვას, რომ შეიზღუდოს მისი ვინაობის იდენტიფიცირებისა და ამოცნობის შესაძლებლობა.

3. პროკურორის მიერ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის იდენტიფიცირების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად, ამ პირის ვინაობა სისხლის სამართლის საქმის წარმოების ყველა ეტაპზე დაუფარავია მოსამართლისთვის, საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოსთვის, გამოძიების ორგანოსთვის, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი ორგანოსთვის, აგრეთვე ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნაწილში − სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის, მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას.
საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №923 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1300 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/118.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/118-2.md
