---
title: "მუხლი 147. ნიმუშის აღება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/147"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "147"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 147. ნიმუშის აღება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 147 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/147

1. ნიმუშის აღება ტარდება მხარის მიერ. მხარეს უფლება აქვს, აიღოს ადამიანის, გვამის, ცხოველის, ნივთიერების, საგნის ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის თვისებების ამსახველი ნიმუში.

2. თუ ნიმუშის აღებისათვის აუცილებელია ქირურგიული ან სამედიცინო საშუალებების გამოყენება, ნიმუშს იღებს ექსპერტი.

3. ნიმუშის აღება, რომელიც არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას, დასაშვებია იმ პირის თანხმობით, რომლისგანაც ნიმუში უნდა იქნეს აღებული. თუ ნიმუშის აღება არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას და პირი უარს აცხადებს ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე ან პირს უნარი არა აქვს, გამოხატოს ნება მისგან ნიმუშის აღების შესახებ, ნიმუშის აღება ტარდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით. თუ არსებობს ამ კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა, ნიმუშის აღება შესაძლებელია სასამართლოს განჩინების გარეშე, გამომძიებლის დადგენილებით.

4. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ნიმუშის აღების დაწყებიდან 12 საათის განმავლობაში (ხოლო თუ ამ ვადის ამოწურვა არასამუშაო დროს ემთხვევა − ამ დროის გასვლიდან არაუგვიანეს 1 საათისა) პროკურორმა ნიმუშის აღების შესახებ უნდა შეატყობინოს სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით ან სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა საპროცესო მოქმედება, უნდა წარუდგინოს მას შუამდგომლობა ნიმუშის აღების კანონიერების შემოწმების შესახებ და უნდა გადასცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები (ან მათი ასლები), რომლებიც ასაბუთებს ამ საპროცესო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობას. სასამართლო საქმის მასალების შესვლიდან არაუგვიანეს 24 საათისა, ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს შუამდგომლობას. სასამართლო უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს პროკურორისა და იმ პირის მონაწილეობით, რომლის მიმართაც ჩატარდა საპროცესო მოქმედება.

5. ნიმუშის აღება, რომელიც იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას, დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში და იმ პირის თანხმობით, რომლისგანაც ნიმუში უნდა იქნეს აღებული, აგრეთვე მშობლის, მეურვის ან მზრუნველის თანხმობით, თუ ამ პირს 16 წელი არ შესრულებია ან თუ ის ფსიქიკურად დაავადებულია, ან სასამართლოს განჩინებით.
საქართველოს 2015
წლის 19 თებერვლის
კანონი №3090 - ვებგვერდი, 06.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/146.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/147-1.md
