---
title: "მუხლი 158⁴. ყადაღადადებული მოძრავი ქონების კაპიტალიზაცია — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/158-4"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "158^4"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 158⁴. ყადაღადადებული მოძრავი ქონების კაპიტალიზაცია — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 158⁴ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/158-4

1. თუ ბრალდებულის მოძრავ ქონებას შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად ყადაღა ადევს და, იმავდროულად, ამ ქონების შენახვა მისი ღირებულების მნიშვნელოვნად შემცირებას იწვევს, პროკურორი უფლებამოსილია შუამდგომლობით მოითხოვოს ქონების კაპიტალიზაციის აუქციონის წესით გასხვისებით განხორციელება.

2. ქონების კაპიტალიზაციისა და კაპიტალიზებულ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შუამდგომლობას იხილავს სასამართლო გამოძიების ადგილის მიხედვით, ამ კოდექსის 154-ე მუხლით დადგენილი წესით და იღებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) შუამდგომლობის დაკმაყოფილების, ქონების კაპიტალიზაციისა და კაპიტალიზებულ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე ან შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. განჩინება საჩივრდება ამ კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილი წესით. განჩინების გასაჩივრების უფლება აქვს პროკურორს, ბრალდებულს, ბრალდებულის ადვოკატს. განჩინების გასაჩივრების ვადა აითვლება მისი უფლებამოსილი პირისთვის გადაცემის მომენტიდან.

3. პროკურორის შუამდგომლობას უნდა ერთოდეს მოძრავი ქონების შეფასების დოკუმენტი.

4. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ განჩინება აღსასრულებლად ეგზავნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს ქონების საშუალო საბაზრო ფასის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეალიზაციას.

5. ქონების გასხვისების შედეგად მიღებული თანხა სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე განთავსდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე და ამის შესახებ ეცნობება პროკურორს.

6. ყადაღადადებული ქონების კაპიტალიზაცია დაინტერესებულ პირს არ ართმევს უფლებას, კაპიტალიზებულ ქონებაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით იდავოს.

7. ქონების გასხვისების შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე ისეთი შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას, რომლის თანახმად, ბრალდებულს ეს ქონება არ უნდა ჩამორთმეოდა, ამ ქონების გასხვისების შედეგად მიღებული/ამონაგები თანხა ბრალდებულს გადაეცემა.
საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/158-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/159.md
