---
title: "მუხლი 175. დაკავების ოქმი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/175"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "175"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 175. დაკავების ოქმი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 175 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/175

1. დამკავებელმა მოხელემ დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა შეადგინოს დაკავების ოქმი. თუ დაკავების ოქმის შედგენა დაკავებისთანავე ობიექტური მიზეზით (მიზეზებით) შეუძლებელია, იგი უნდა შედგეს დაკავებულის პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში მიყვანისთანავე.

2. დაკავების ოქმში უნდა აღინიშნოს: ვინ, სად, როდის, რა ვითარებაში, ამ კოდექსში მითითებულ რომელ საფუძველზეა დაკავებული, დაკავებულის ფიზიკური მდგომარეობა დაკავების მომენტში, რომელი დანაშაულის ჩადენაშია იგი ბრალდებული, მისი პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში მიყვანის ზუსტი დრო, ამ კოდექსით გათვალისწინებული ბრალდებულის უფლებებისა და მოვალეობების ნუსხა, აგრეთვე შესაბამის შემთხვევაში ის ობიექტური მიზეზი (მიზეზები), რომლის (რომელთა) არსებობის გამოც შეუძლებელი იყო დაკავების ოქმის შედგენა დაკავებისთანავე.

3. დაკავების ოქმს ხელს აწერენ: თანამდებობის პირი, რომელმაც პირი დააკავა, დაკავებული და მისი ადვოკატი (მისი ყოფნის შემთხვევაში). ბრალდებულის პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში მიყვანისთანავე ოქმს ხელს აწერს პოლიციის ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილი პირი. დაკავებულს გადაეცემა დაკავების ოქმის ასლი. თუ დაკავებისას ჩატარდა პირის პირადი ჩხრეკა, ამ საგამოძიებო მოქმედების თაობაზე ცალკე ოქმი არ დგება.

4. თუ დაკავებისას პირს არ განემარტა ამ კოდექსის 174-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები და არ გადაეცა დაკავების ოქმი ან თუ დაკავების ოქმი შედგენილია არსებითი დარღვევით, რომელიც აუარესებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას, თავისუფლებაშეზღუდული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/174.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/176.md
