---
title: "მუხლი 198. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნები და საფუძველი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/198"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "198"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 198. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნები და საფუძველი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 198 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/198

1. აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება. ბრალდებულს პატიმრობა ან სხვა აღკვეთის ღონისძიება არ შეიძლება შეეფარდოს, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შესაძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით.

2. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველია დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს.

3. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას პროკურორი ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობა და სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობა.

4. სასამართლო უფლებამოსილია ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შეუძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით.

5. აღკვეთის ღონისძიებისა და მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის საქმიანობას, ასაკს, ჯანმრთელობას, ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, ადრე შეფარდებული რომელიმე აღკვეთის ღონისძიების დარღვევის ფაქტს და სხვა გარემოებებს.

6. აღკვეთის ღონისძიების სახით საექსტრადიციო პატიმრობა, გარდა ამ მუხლითა და ამ კოდექსის 205-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გამოიყენება აგრეთვე ექსტრადიციის დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების აღსრულების (ეტაპირების) მიზნით. ამ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს მხოლოდ
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის 11
1
პუნქტით
განსაზღვრულ გარემოებებს.
საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №430 – ვებგვერდი, 13.04.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/197.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/199.md
