---
title: "მუხლი 2. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის გამოყენების წესი, კანონის ანალოგია — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/2"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "2"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის გამოყენების წესი, კანონის ანალოგია — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 2 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/2

1. სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს.

2. სისხლის სამართლის საპროცესო კანონში შეტანილი ცვლილებები იწვევს წინათ გამოტანილი საპროცესო აქტის გაუქმებას ან შეცვლას, თუ ამით უმჯობესდება ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მდგომარეობა.

3. საქართველოს კანონმდებლობაში ხარვეზის არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.

4. დანაშაულის ჩადენის ადგილის მიუხედავად, სისხლის სამართლის პროცესი საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გამოიყენება აგრეთვე საქართველოს დროშით ან ამოსაცნობი ნიშნით საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ საჰაერო თუ საზღვაო ხომალდზე ჩადენილი დანაშაულის გამო, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

5¹. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გამოიყენება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ტერიტორიაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

6. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზედაც.

7. საქართველოს მოქალაქე, რომელიც დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობს, აგრეთვე საზღვარგარეთ მყოფი მისი ოჯახის წევრები, თუ ისინი ნებაყოფლობით არ დათანხმდებიან ადგილსამყოფელი ქვეყნის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის გამოყენებას, ექვემდებარებიან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის იურისდიქციას.

8. საქართველოს ტერიტორიაზე საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს თუ საგამოძიებო ორგანოს შუამდგომლობის შესრულებისას შეიძლება ამ სახელმწიფოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის გამოყენებაც, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით
.
საქართველოს 2018 წლის 20
ივლისის
კანონი №3157
–
ვებგვერდი, 06.08.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/3.md
