---
title: "მუხლი 215. საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა და გასაჩივრება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/215"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "215"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 215. საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა და გასაჩივრება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 215 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/215

1. ამ თავით გათვალისწინებულ საქმეებზე სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და საჩივრდება ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2. მხარეს უფლება აქვს, სასამართლოს უარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე 15 დღის ვადაში გაასაჩივროს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.

3. მსჯავრდებულს უფლება აქვს, ამ თავით გათვალისწინებული განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ:
ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო;
ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება;
გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის 11
1
ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა;
დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.

4. თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმებისას სასამართლო საქმეს უბრუნებს პროკურორს.
​
საქართველოს 2014
წლის 24
ივლისის კანონი №2517 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/214.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/216.md
