---
title: "მუხლი 273. გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/273"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "273"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 273. გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 273 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/273

1. გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი უნდა შეიცავდეს იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერას, რომელიც სასამართლომ დადგენილად ცნო. ამასთანავე, განაჩენში მითითებული უნდა იყოს მისი ჩადენის ადგილი, დრო და ხერხი, ბრალის ფორმა, დანაშაულის მოტივი, მიზანი და შედეგი. განაჩენში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე მტკიცებულება, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა, და მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე. ამასთანავე, განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები, ხოლო თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდაა მიჩნეული ან დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია – ბრალდების ბრალდებულის სასარგებლოდ შეცვლის საფუძველი და მოტივები. განაჩენში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე მსჯავრდებულისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრების საფუძველი და მოტივები, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344
3
მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეზე − შესაბამისი ქორწინების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის საფუძველი და მოტივი. განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს აგრეთვე სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. განაჩენში შეიძლება მითითებული იყოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.

2. სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს აგრეთვე სასჯელის სახე და ზომა, პირობითი მსჯავრის გამოყენება, შესაბამისი დანაშაულისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მინიმალურ ზღვარზე დაბალი სასჯელის დანიშვნა და ნაკლებად მკაცრ სასჯელზე გადასვლა, ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის დანიშვნა, მსჯავრდებულისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344
3
მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეზე − შესაბამისი ქორწინების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა, საპროცესო იძულების ღონისძიების გაუქმების ან შემდგომი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება.
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის კანონი №1918 – ვებგვერდი, 24.10.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №500 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის კანონი №984 – ვებგვერდი, 17.10.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1807 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/272.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/274.md
