---
title: "მუხლი 42. ბრალდებულის ან მსჯავრდებულის შუამდგომლობით სასამართლო განხილვის დაუშვებლობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/42"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "42"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 42. ბრალდებულის ან მსჯავრდებულის შუამდგომლობით სასამართლო განხილვის დაუშვებლობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 42 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/42

1. ადვოკატის შეცვლის მოტივით სასამართლო განხილვის გადადება დაუშვებელია, თუ ეს მიზნად ისახავს სასამართლო განხილვის გაჭიანურებას და მისთვის ხელის შეშლას.

2. ადვოკატის მიერ დაცვის მოვალეობის შესრულების ხანგრძლივად შეუძლებლობის შემთხვევაში სასამართლო განხილვის გადადება დაუშვებელია, თუ ეს იწვევს სასამართლო განხილვის გაჭიანურებას და მისთვის ხელის შეშლას.

3. თუ ბრალდებულის ან მსჯავრდებულის ადვოკატი არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება სასამართლოში, რაც, სასამართლოს შეფასებით, აჭიანურებს საქმის განხილვას, სასამართლო უფლებამოსილია, ბრალდებულს ან მსჯავრდებულს დაუნიშნოს ადვოკატი სავალდებულო წესით, რაც არ ზღუდავს ბრალდებულის ან მსჯავრდებულის უფლებას, მოიწვიოს ადვოკატი საკუთარი სურვილით. ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სურვილით მოწვეული ადვოკატის სასამართლოში გამოცხადებისთანავე, ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მოთხოვნის შემთხვევაში, სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი უნდა ჩამოსცილდეს საქმის განხილვას.

4. თუ ბრალდებულის ან მსჯავრდებულის ადვოკატი საპატიო მიზეზით არ ცხადდება სასამართლოში, სასამართლო სხდომას გადადებს არაუმეტეს 10 დღით. თუ ადვოკატი ამ ვადის გასვლის შემდეგ კვლავ არ გამოცხადდა სასამართლოში, მოქმედებს ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესი.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს 2013 წლის 14 ივნისის კანონი №741 – ვებგვერდი, 27.06.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/41.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/43.md
