---
title: "მუხლი 49. მოწმის უფლება-მოვალეობანი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/49"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "49"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 49. მოწმის უფლება-მოვალეობანი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 49 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/49

1. მოწმეს უფლება აქვს:
ა) იცოდეს, რა საქმის გამოა გამოძახებული;
ბ) თუ არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა ან აქვს შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რომელიც ჟესტური ენის გარეშე მასთან კომუნიკაციას გამორიცხავს, ჩვენება მისცეს მშობლიურ ან მისთვის სასურველ სხვა ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით სახელმწიფოს ხარჯზე;
გ) გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს, მოითხოვოს მასში შენიშვნების, დამატებებისა და ცვლილებების შეტანა;
დ) არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;
ე) მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში;
ვ) მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება.

2. მოწმე ვალდებულია:
ა) გამოცხადდეს სასამართლოს გამოძახებით;
ბ) უპასუხოს დასმულ შეკითხვებს;
გ) არ გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები, თუ იგი ამის შესახებ გააფრთხილა სასამართლომ;
დ) დაიცვას წესრიგი საქმის სასამართლო განხილვის დროს;
ე) სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე არ დატოვოს სასამართლო სხდომის დარბაზი.

3. მოწმე შეიძლება იძულებით მიიყვანონ სასამართლოში ამ კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6842 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/48.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/50.md
