---
title: "მუხლი 52. ექსპერტის უფლება-მოვალეობანი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/52"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "52"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 52. ექსპერტის უფლება-მოვალეობანი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 52 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/52

1. ექსპერტს უფლება აქვს:
ა) გაეცნოს საექსპერტო კვლევისათვის საჭირო მასალას, ამოიწეროს საჭირო ცნობა და გადაიღოს ასლი;
ბ) მოითხოვოს დამატებითი მასალის წარდგენა; გამოკვლევის პროცესში აიღოს მასრის, ტყვიისა და სხვა ობიექტის საცდელი ნიმუში; ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორს მოსთხოვოს საექსპერტო კვლევისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაცია;
გ) უარი თქვას დასკვნის მიცემაზე და ექსპერტიზის გაგრძელებაზე, თუ დასმული საკითხები სცილდება მისი ცოდნის ფარგლებს ან თუ მისთვის წარდგენილი მასალა საკმარისი არ არის დასკვნის მისაცემად;
დ) ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს ნებართვით დაესწროს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას;
ე) მონაწილეობა მიიღოს ექსპერტიზის საგანთან და საექსპერტო კვლევასთან დაკავშირებული მტკიცებულების გამოკვლევაში;
ვ) მტკიცებულების აღმოჩენის, გამოკვლევისა და დემონსტრირებისათვის გამოიყენოს სამეცნიერო-ტექნიკური საშუალება, სპეციალური ცოდნა და გამოცდილება.

2. ექსპერტი ვალდებულია:
ა) თუ საექსპერტო კვლევით დადგინდა გარემოება, რომლის შესახებაც ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორს ან/და პროცესის სხვა უფლებამოსილ მონაწილეს კითხვა არ დაუსვამს, იგი ასახოს დასკვნაში;
ბ) დაიცვას და საექსპერტო კვლევის შემდეგ ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორს დაუბრუნოს კვლევის ობიექტი, თუ საექსპერტო კვლევისას ეს ობიექტი სრულად არ დახარჯულა;
გ) თუ არსებობს კანონით დადგენილი საფუძველი, განაცხადოს თვითაცილება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/51.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/53.md
