---
title: "მუხლი 19. სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის წესი — საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90304-sakartvelos-pinansta-saministros-sagamodziebo-samsakhuris-shesakheb/19"
law: "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ"
article: "19"
identifier: "matsne 90304"
adopted: "2009-11-03"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის წესი — საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90304-sakartvelos-pinansta-saministros-sagamodziebo-samsakhuris-shesakheb/19

სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველია: ა) განსაზღვრული ასაკის მიღწევა ან წელთა ნამსახურობა სამსახურში სამსახურის გავლის წესის მიხედვით; ბ) სამედიცინო ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, დასახიჩრების ან ქრონიკული დაავადების თაობაზე, რომლის გამოც მას აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება; გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლა; დ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა; ე) დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობა, რაც გულისხმობს პირის სამსახურიდან განთავისუფლებას: ე.ა) ატესტაციის შედეგების საფუძველზე; ე.ბ) იმ დოკუმენტის არქონისას, რომელიც აუცილებელია მოცემული თანამდებობის დასაკავებლად; ე.გ) ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის გამო; ე.დ) გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებლად გავლის გამო; ე.ე) არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო; ვ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევა; ზ) შტატების შემცირება; თ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა; ი) პირადი განცხადება; კ) დანაშაულის ჩადენა, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; ლ) სამსახურებრივი შეუთავსებლობა, თუ იგი არ აღმოიფხვრა შეუთავსებლობის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში; მ) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ან/და ტოქსიკური ნივთიერებების მოხმარება; ნ) სხვა დაწესებულებაში გადასვლა; ო) სამსახურის, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია; პ) გარდაცვალება; ჟ) მოქალაქეობის შეცვლა; რ) მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება; ს) მისი მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3357 – ვებგვერდი , 31.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90304-sakartvelos-pinansta-saministros-sagamodziebo-samsakhuris-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90304-sakartvelos-pinansta-saministros-sagamodziebo-samsakhuris-shesakheb/20.md
