---
title: "მუხლი 1¹. ტერმინთა განმარტება — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/1-1"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "1^1"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1¹. ტერმინთა განმარტება — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 1¹ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/1-1

1. ამ კანონის XII 1 თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მოსამართლესთან კომუნიკაცია – საერთო სასამართლოს მოსამართლესთან ნებისმიერი ფორმით ურთიერთობა, მათ შორის, მიმოწერა, საუბარი ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით; ბ) პროცესის მონაწილე – პროკურატურის თანამშრომელი, გამომძიებელი, ადვოკატი, წარმომადგენელი, მხარე, მესამე პირი, აგრეთვე სისხლის სამართლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის განხილვაში მონაწილე სხვა პირი; გ) დაინტერესებული პირი – პირი, რომელიც დაინტერესებულია განსახილველი საქმის შედეგით და ამ მიზნით ცდილობს მოსამართლესთან კომუნიკაციას, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც მოსამართლის ან ზოგადად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით ცდილობს მოსამართლესთან არასათანადო კომუნიკაციას; დ) საჯარო მოსამსახურე – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი; ე) სახელმწიფო მოსამსახურე – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი; ვ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი/პოლიტიკური თანამდებობის პირი – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი.

2. ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დასაბუთებული ვარაუდი – ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული დისციპლინური საქმის წარმოების მასალების მიხედვით დააკმაყოფილებდა ნეიტრალურ მეთვალყურეს, რათა დაესკვნა მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ჩადენა; ბ) ალბათობის მაღალი ხარისხი – ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია ვარაუდის მაღალი ხარისხისათვის, რომ მოცემულ დისციპლინურ საქმეზე შეფარდებული იქნება შესაბამისი სახდელი. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3262 – ვებგვერდი, 10,08,2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3796 – ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/2.md
