---
title: "მუხლი 32¹. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/32-1"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "32^1"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32¹. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 32¹ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/32-1

1. იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც არანაკლებ 30 მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარეს ჰყავს 2 მოადგილე, რომელთაც იმავე სასამართლოს მოსამართლეთაგან 10 წლის ვადით თანამდებობებზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაბუთებული გადაწყვეტილებით. თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეიძლება დანიშნოს სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ.

2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე: ა) მონაწილეობს საქმეთა განხილვაში; ბ) სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ზედამხედველობას უწევს სასამართლოს აპარატის მუშაობას, სასამართლოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს შრომის შინაგანაწესის უხეშად დარღვევის ან სხვა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო სასამართლოს აპარატის მოხელეებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; გ) სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, მართლმსაჯულების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს; დ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ასრულებს სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე: ა) მონაწილეობს საქმეთა განხილვაში; ბ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის/თავმჯდომარის პირველი მოადგილის უფლებამოსილებას; გ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, მართლმსაჯულების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს; დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე/მოადგილე შეიძლება იყოს სასამართლოს ერთ-ერთი კოლეგიის თავმჯდომარე.

5. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის/მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა; გ) დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების სახით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის/მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლება; დ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის/მოადგილის უფლებამოსილების ვადის გასვლა.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას (გარდა იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის/მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტა ფორმდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე/მოადგილე თანამდებობიდან თავისუფლდება ამ კანონის XIII ​ 1 თავის შესაბამისად. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №921 – ვებგვერდი, 02.07.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1252 – ვებგვერდი, 18.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/33.md
