---
title: "მუხლი 75⁶⁰. სადისციპლინო პალატის მიერ საქმის განხილვა — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-60"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "75^60"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75⁶⁰. სადისციპლინო პალატის მიერ საქმის განხილვა — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 75⁶⁰ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-60

1. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე მიღებული საჩივარი განიხილება სადისციპლინო პალატის სხდომაზე. სხდომას თავმჯდომარეობს სადისციპლინო პალატის თავმჯდომარე ან მისი დავალებით – პალატის სხვა წევრი.

2. სადისციპლინო პალატის სხდომის თავმჯდომარე ხსნის სხდომას და აცხადებს განსახილველ საქმეს.

3. სადისციპლინო პალატის სხდომის მდივანი მოახსენებს, თუ ვინ გამოცხადდა განსახილველ საქმეზე მოწვეულ პირთაგან, ეცნობათ თუ არა გამოუცხადებელ პირებს სხდომის თაობაზე და რა ცნობები არსებობს მათი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ. სადისციპლინო პალატა ადგენს გამოცხადებულთა ვინაობას, აგრეთვე ამოწმებს წარმომადგენელთა უფლებამოსილებას.

4. სხდომის თავმჯდომარე განუმარტავს მხარეებს და მათ წარმომადგენლებს მათ უფლება-მოვალეობებს.

5. სხდომის თავმჯდომარე აცხადებს სადისციპლინო პალატის შემადგენლობას, სხდომის მდივნის ვინაობას და განუმარტავს მხარეებს, რომ მათ შეუძლიათ განაცხადონ აცილება, თუ ასეთი აცილება საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული საქმის სხდომაზე განხილვამდე, ან თუ საქმეს იხილავს სხვა სასამართლო შემადგენლობა და არა ის, რომელიც ცნობილი იყო საქმის მომზადების სტადიაზე.

6. სხდომის თავმჯდომარე ეკითხება მხარეებს, აქვთ თუ არა შუამდგომლობები ან განცხადებები, რომლებიც განცხადებული ვერ იქნა სხდომამდე.

7. პროცესის მონაწილეები ვალდებული არიან, დაიცვან წესრიგი და დაემორჩილონ სხდომის თავმჯდომარის განკარგულებას. წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევს თავმჯდომარე აძლევს გაფრთხილებას. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-61.md
