---
title: "მუხლი 21. ნოტარიუსის შრომის ანაზღაურება და სანოტარო ბიუროს ფინანსები — ნოტარიატის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/21"
law: "ნოტარიატის შესახებ"
article: "21"
identifier: "2283"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. ნოტარიუსის შრომის ანაზღაურება და სანოტარო ბიუროს ფინანსები — ნოტარიატის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნოტარიატის შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/21

1. ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულება, აგრეთვე ამ მოქმედებასთან დაკავშირებული სამართლებრივი კონსულტაციისა და ტექნიკური მომსახურების გაწევა ფასიანია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ნოტარიუსისათვის განკუთვნილი საზღაურის ოდენობა, მომსახურების ვადები და საზღაურის გადახდევინების წესი, აგრეთვე საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის დადგენილი საფასურის ოდენობა, მომსახურების ვადები და საფასურის გადახდევინების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. ნოტარიუსის მიერ სამსახურებრივი საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს შეადგენს თანხა, რომელიც ნოტარიუსს რჩება სანოტარო ბიუროს შენახვის ხარჯების, კანონით დადგენილი გადასახადებისა და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სავალდებულო გადასახდელების გადახდის შემდეგ იმ თანხიდან, რომელიც მან ნოტარიუსისათვის განკუთვნილი საზღაურის სახით მიიღო. ნოტარიუსის შემოსავალს შეიძლება აგრეთვე შეადგენდეს სხვა ფინანსური შენატანები, რომელთა მიღებაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის, ნოტარიუსის მიერ სანოტარო საქმიანობის ამ კანონის მე-11 მუხლის 2 1 პუნქტით გათვალისწინებულ დასახლებაში განხორციელების პერიოდის განმავლობაში საქართველოს ნოტარიუსთა პალატისაგან ფინანსური დახმარების სახით მიღებული შემოსავალი. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5573 – ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 10 დეკემბრის კანონი №4610 - ვებგვერდი, 22.12.2015წ. საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის კანონი № 5158 - ვებგვერდი, 17.06.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/22.md
