---
title: "მუხლი 71. მუნიციპალიტეტების კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების წესი — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/71"
law: "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
article: "71"
identifier: "2440"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 71. მუნიციპალიტეტების კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების წესი — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 71 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/71

1. მუნიციპალიტეტებისთვის დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება ხდება ამ კოდექსის დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) ცხრილის მე-4 გრაფით მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებული მაჩვენებლის ფარგლებში.

2. ამ მუხლის შესაბამისად დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება ხდება ყველა მუნიციპალიტეტისათვის, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 164-ე მუხლით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტებისა.

3. მუნიციპალიტეტებისათვის დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება ხდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობის, 6 წლამდე ბავშვთა რაოდენობის, 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობის, მუნიციპალიტეტის ფართობისა და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობის მიხედვით, კერძოდ, მუნიციპალიტეტებისთვის განკუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადის:
ა) 60% ნაწილდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით;
ბ) 15% ნაწილდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 6 წლამდე ბავშვთა რაოდენობის მიხედვით;
გ) 10% ნაწილდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობის მიხედვით;
დ) 5% ნაწილდება მუნიციპალიტეტის ფართობის მიხედვით;
ე) 10% ნაწილდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობის მიხედვით.

4. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის მომზადებისას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად გაიანგარიშებს და ბიუჯეტის კანონის პროექტში ასახავს მუნიციპალიტეტებისათვის განსაზღვრულ დამატებული ღირებულების გადასახადში თითოეული მუნიციპალიტეტის კუთვნილი წილის პროცენტულ მაჩვენებელს.

5. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 164-ე მუხლით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს გამოეყოფა სპეციალური ტრანსფერი, რომლის მოცულობა შესაბამისი წლის ბიუჯეტის კანონით განისაზღვრება.
საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1959 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის კანონი №4017 – ვებგვერდი, 25.12.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/70.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/72.md
