---
title: "მუხლი 16. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმოწერა — პატიმრობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/16"
law: "პატიმრობის კოდექსი"
article: "16"
identifier: "2696"
adopted: "2010-03-09"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2024-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 16. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმოწერა — პატიმრობის კოდექსი

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2024-01-01.
> Cite as: პატიმრობის კოდექსი, მუხლი 16 (consolidated as of 2023-12-15), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/16

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის მიმოწერა აკრძალულია.

1¹. ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაზარალებულთან მიმოწერის უფლება ეზღუდება დაზარალებულის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილის მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილის ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება. პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით ეგზავნება.

3. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს იგი საწერი საშუალებითა და ქაღალდით, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბრალდებული/მსჯავრდებული − მიმოწერისათვის საჭირო შესაბამისი საშუალებებით.

4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია მოწმდება. შემოწმება მოიცავს ვიზუალურ დათვალიერებას კორესპონდენციის შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, დასაბუთებული ვარაუდისას, თუ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურე უფლებამოსილია გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და, საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა. შეზღუდვის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობება კორესპონდენციის გამგზავნს.

5. დახურული კონვერტით მიღებული კორესპონდენცია უნდა გაიხსნას ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით. აღნიშნული კორესპონდენცია ექვემდებარება ვიზუალურ დათვალიერებას, შინაარსის გაცნობის გარეშე.

6. პენიტენციურ დაწესებულებას ეკრძალება, შეაჩეროს ან/და შეამოწმოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, სამსახური, საქართველოს სახალხო დამცველი, ადვოკატი, პროკურორი, სამსახურის ადგილობრივი საბჭო.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332
საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5255 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის კანონი №1295 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 16 აპრილის კანონი №2241 - ვებგვერდი, 02.05.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3523 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №943 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3128 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5029 – ვებგვერდი, 01.10.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6836 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/17.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
