---
title: "მუხლი 17². ხანგრძლივი პაემნის უფლება — პატიმრობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/17-2"
law: "პატიმრობის კოდექსი"
article: "17^2"
identifier: "2696"
adopted: "2010-03-09"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2024-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 17². ხანგრძლივი პაემნის უფლება — პატიმრობის კოდექსი

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2024-01-01.
> Cite as: პატიმრობის კოდექსი, მუხლი 17² (consolidated as of 2023-12-15), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/17-2

1. ხანგრძლივი პაემანი არის მსჯავრდებულის ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებთან ერთად ცხოვრება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში, მსჯავრდებულის ან ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირის ხარჯით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების წარმომადგენლის დაუსწრებლად. ხანგრძლივი პაემნის საფასური ძირითადად ხმარდება მისი მიზნების განხორციელებასა და ფუნქციების შესრულებას.

1¹. ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობა შეიძლება განხორციელდეს საფასურის გადაუხდელად, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით .

2. მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს შვილთან, ნაშვილებთან, გერთან, შვილიშვილთან, მეუღლესთან, პირთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელთან (მშვილებელთან), ბებიასთან, პაპასთან, დასთან და ძმასთან ხანგრძლივი პაემნის უფლება.

3. ხანგრძლივი პაემნის მოთხოვნის თაობაზე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი წერილობით უნდა იქნეს ინფორმირებული არანაკლებ 2 კვირით ადრე. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს უნდა წარუდგინოს ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება ხანგრძლივი პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა უზრუნველყოფს ხანგრძლივი პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზედაც განმცხადებელი 10 დღის ვადაში უნდა იქნეს ინფორმირებული.

5. ხანგრძლივი პაემანი გრძელდება არაუმეტეს 23 საათისა. მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობითა და სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით კუთვნილი ხანგრძლივი პაემანი წელიწადში ერთხელ შეიძლება გაუგრძელდეს არაუმეტეს 47 საათამდე.

6. ხანგრძლივი პაემანი არ ეძლევა:
ა) საკარანტინო რეჟიმში მყოფ მსჯავრდებულს;
ბ) მსჯავრდებულს, რომელსაც შეფარდებული აქვს დისციპლინური პატიმრობა ან მოთავსებულია სამარტოო საკანში.

7. ხანგრძლივი პაემნის უფლების მიცემის საკითხს წყვეტს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი.

8. ხანგრძლივი პაემნის უფლების მიცემაზე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის თანხმობა ან მოტივირებული უარი მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება.

9. ხანგრძლივი პაემნის შეცვლა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით, ხანმოკლე პაემნით ან სატელეფონო საუბრით დაუშვებელია.

10. ხანგრძლივი პაემნისათვის სპეციალურად გამოყოფილი ოთახის პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.

11. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი პაემნის უფლების განხორციელების პირობებსა და წესს განსაზღვრავს მინისტრი .
საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4259 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6257 - ვებგვერდი, 06.06.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 16 აპრილის კანონი №2241 - ვებგვერდი, 02.05.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №943 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3128 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/17-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/17-3.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
