---
title: "მუხლი 41. სამსახურის ადგილობრივი საბჭო — პატიმრობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/41"
law: "პატიმრობის კოდექსი"
article: "41"
identifier: "2696"
adopted: "2010-03-09"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2024-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 41. სამსახურის ადგილობრივი საბჭო — პატიმრობის კოდექსი

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2024-01-01.
> Cite as: პატიმრობის კოდექსი, მუხლი 41 (consolidated as of 2023-12-15), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/41

1. სამსახურის ადგილობრივი საბჭო (შემდგომ – საბჭო) არის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი ორგანო. საბჭოების რაოდენობა და ტერიტორიული განსჯადობა, აგრეთვე სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

2. საბჭო შედგება 5 წევრისაგან. საბჭოს შემადგენლობაში შედის:
ა) სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის 1 მოსამსახურე;
ბ) სააგენტოს 1 თანამშრომელი;
გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელი;
დ) არასამთავრობო ორგანიზაციების 1 წარმომადგენელი;
ე) ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 1 წარმომადგენელი.

3. საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სათანადო განათლება და პროფესიული გამოცდილება, აგრეთვე საქმიანი და მორალური თვისებებით შეუძლია შეასრულოს საბჭოს წევრის ფუნქციები. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს შეარჩევს და საბჭოს წევრად ნიშნავს სამსახურის გენერალური დირექტორი. იმავე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს საბჭოს წევრად ნიშნავს სამსახურის გენერალური დირექტორი სააგენტოს უფროსის წარდგინებით. იმავე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს საბჭოს წევრად ნიშნავს სამსახურის გენერალური დირექტორი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით. იმავე ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს საბჭოს წევრებად ნიშნავს სამსახურის გენერალური დირექტორი სამსახურის საკოორდინაციო საბჭოს წარდგინებით. სამსახურის საკოორდინაციო საბჭო იქმნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არასამთავრობო ორგანიზაციების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა შერჩევისა და საბჭოს წევრებად წარდგენის მიზნით. სამსახურის საკოორდინაციო საბჭოს უფლებები, მოვალეობები და საქმიანობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

4. საბჭოს წევრი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას და ამ კოდექსს.

5. საბჭოს წევრი ინიშნება 1 წლის ვადით. დასაშვებია საბჭოს წევრად პირის ხელმეორედ დანიშვნა. საბჭოს წევრი თანამდებობიდან თავისუფლდება სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით, ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას:
ა) პირადი განცხადება;
ბ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
გ) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
დ) ამ ნაწილით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის გასვლა;
ე) გარდაცვალება;
ვ) საბჭოს სხდომის ზედიზედ 3-ჯერ არასაპატიო მიზეზით გაცდენა;
ზ) საბჭოს წევრად დანიშვნისას დაკავებული თანამდებობის შეცვლა ან თანამდებობიდან გათავისუფლება;
თ) საკუთარი მოვალეობის არაკეთილსინდისიერად ან/და არაჯეროვნად შესრულება;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საბჭოს ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია.

6. საბჭოს განსჯად ტერიტორიაზე მდებარე დაწესებულებაში საბჭოს სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით.

7. შესაძლებელია საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად საამისოდ უფლებამოსილმა ერთმა პარლამენტის წევრმა. მას საბჭოს სხდომაზე დასწრების შემთხვევაში აქვს საბჭოს წევრის ტოლფასი ხმის უფლება. პარლამენტის წევრი არ არის საბჭოს წევრი და იგი საბჭოს სხდომის კვორუმის დადგენისას გაითვალისწინება მხოლოდ სხდომაზე დასწრების შემთხვევაში. საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 5 დღისა აცნობოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად საამისოდ უფლებამოსილ პარლამენტის წევრს საბჭოს სხდომის გამართვის შესახებ და უზრუნველყოს იგი შესაბამისი საქმის მასალებით.

8. საბჭოების საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში შემავალი შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. იგი საბჭოებს წარმოადგენს სასამართლოში. მას უფლება აქვს, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემები (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები).

9. საბჭოს სხდომის მონაწილე პირი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაიცვას პერსონალური მონაცემები, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა სხდომაში მონაწილეობის შედეგად.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3525 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.288
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332
საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6504 - ვებგვერდი, 02.07.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3353 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3523 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3128 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5392 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/40.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/42.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
