---
title: "მუხლი 54. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი — პატიმრობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/54"
law: "პატიმრობის კოდექსი"
article: "54"
identifier: "2696"
adopted: "2010-03-09"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2024-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 54. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი — პატიმრობის კოდექსი

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2024-01-01.
> Cite as: პატიმრობის კოდექსი, მუხლი 54 (consolidated as of 2023-12-15), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/54

1. დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სხვა კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე − თვითმკვლელობის, თვითდაზიანების, მის ან სხვა პირთა მიმართ ძალადობის, ქონების დაზიანების, აგრეთვე სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი. ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა ხორციელდება აუდიო-, ვიდეოსაშუალებით ან/და კონტროლის სხვა ტექნიკური საშუალებით. სამსახური უფლებამოსილია განახორციელოს ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის და ამ პროცესის შედეგად მიღებული ინფორმაციის ჩაწერა.

2. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია გააფრთხილოს ბრალდებული/ მსჯავრდებული მის მიმართ ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის ან/და აუდიო-, ვიდეოჩაწერის განხორციელების თაობაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრალდებულის/ მსჯავრდებულის მიმართ მეთვალყურეობის განხორციელების შესახებ ბრძანება გაეცნობა ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რასაც იგი ადასტურებს ხელმოწერით. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული უარს აცხადებს ხელმოწერაზე, კეთდება სათანადო ჩანაწერი.

4. ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ სხვა საშუალებების გამოყენება არაეფექტიანია. მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებული და მიზნის პროპორციული უნდა იყოს.

5. დაუშვებელია ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელება ხანგრძლივი პაემნებისათვის განკუთვნილ ოთახებში, გარდა მეთვალყურეობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში განხორციელებისა.

6. სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი უფლებამოსილია ბრალდებულის/მსჯავრდებულის ამ კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილითა და მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სხვა პირებთან შეხვედრას დააკვირდეს ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე.

7. პენიტენციურ დაწესებულებაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელების შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.

8. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების აღმოფხვრისთანავე პენიტენციური დაწესებულების დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის შეწყვეტის შესახებ. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის მის დასასჯელად განხორციელება.

8¹. ამ მუხლის შესაბამისად დაარქივებულ მასალას ბრალდებული/მსჯავრდებული ეცნობა პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო აღნიშნული მასალის ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ან/და მისი დამცველისათვის/კანონიერი წარმომადგენლისათვის გადაცემა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

9. ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესს განსაზღვრავს მინისტრი.
საქართველოს 2014 წლის 16 აპრილის კანონი №2241 - ვებგვერდი, 02.05.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3523 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №943 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3128 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/53.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/55.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
