---
title: "მუხლი 55. პენიტენციურ დაწესებულებაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება — პატიმრობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/55"
law: "პატიმრობის კოდექსი"
article: "55"
identifier: "2696"
adopted: "2010-03-09"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2024-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 55. პენიტენციურ დაწესებულებაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება — პატიმრობის კოდექსი

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2024-01-01.
> Cite as: პატიმრობის კოდექსი, მუხლი 55 (consolidated as of 2023-12-15), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/55

1. პენიტენციურ დაწესებულებაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები შეიძლება განხორციელდეს პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის ან/და სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ოპერატიულ-სამძებრო უზრუნველყოფის ფარგლებში.

2. პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა არის პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინფორმაციისა და მონაცემების ერთ-ერთი შემდეგი მიზნით შეგროვება, დამუშავება და ანალიზი:
ა) პენიტენციურ დაწესებულებაში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის გამოვლენა და თავიდან აცილება;
ბ) კრიმინალური კავშირებისა და გავლენების იდენტიფიკაცია და შეფასება;
გ) სხვა ტიპის ისეთი შიდა რისკებისა და საფრთხეების იდენტიფიკაცია და შეფასება, რომლებმაც შეიძლება უშუალო საშიშროება შეუქმნას სამსახურის მოსამსახურის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან სხვა პირის უსაფრთხოებას, პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოების დაცვას და ამით არსებითად დაარღვიოს პენიტენციური დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება.

2¹. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ უფლებამოსილებას ახორციელებენ სამსახურის ოპერატიული დანაყოფები.

3. პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის ფარგლებში ამ მუხლის 2 1 ნაწილით განსაზღვრული დანაყოფი უფლებამოსილია პენიტენციურ დაწესებულებაში ინფორმაცია და მონაცემები მოიპოვოს ღია და ფარული წყაროებიდან, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების შედეგად. ამასთანავე, იმავე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება უნდა განხორციელდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით.

4. პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის დაწყების საფუძველია სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანება. ეს ბრძანება გამოიცემა განსაკუთრებულ შემთხვევაში, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის ან/და პენიტენციური დაწესებულების დირექტორის წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე, რომელშიც დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი საქმიანობის განხორციელების საჭიროება, მიზანი და ფარგლები.

5. ამ მუხლის 2 1 ნაწილით განსაზღვრული დანაყოფის მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მიზნით მოპოვებულ ინფორმაციასა და მონაცემებში შესაძლო დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ ატყობინებს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფს, ხოლო სამსახურებრივი გადაცდომის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში – სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტს.

6. სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი და პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების დანაყოფი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებენ გამოძიების ოპერატიულ და ოპერატიულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას პენიტენციური დაწესებულების ფარგლებში.

7. პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ექვემდებარება საპროკურორო ზედამხედველობასა და სასამართლო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მიზნით მოპოვებული ინფორმაციისა და მონაცემების დამუშავების, შენახვის, გაცნობისა და განადგურების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

9. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ფარგლებში სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ინფორმაციის გაცვლის წესი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3523 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3128 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/54.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/55-1.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
