---
title: "მუხლი 7¹. სამსახური — პატიმრობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/7-1"
law: "პატიმრობის კოდექსი"
article: "7^1"
identifier: "2696"
adopted: "2010-03-09"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2024-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 7¹. სამსახური — პატიმრობის კოდექსი

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2024-01-01.
> Cite as: პატიმრობის კოდექსი, მუხლი 7¹ (consolidated as of 2023-12-15), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/7-1

1. სამსახურის უფლებამოსილებებია:
ა) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღსრულება;
ბ) პენიტენციური დაწესებულებებისა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაცვა;
გ) მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შესახებ მონაცემების დამუშავება და მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება;
ე) პენიტენციურ დაწესებულებებში კრიზისული ვითარების მართვა;
ვ) პენიტენციურ დაწესებულებათა საექიმო-სამედიცინო პუნქტების/სამედიცინო ნაწილების საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი, პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანმრთელობის დაცვის უწყებრივი, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება;
ზ) პენიტენციურ დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შემოწმება;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;
ი) თავისი გამგებლობის სფეროში სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება;
კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

2. სამსახურისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულის დებულებას ამტკიცებს მინისტრი.

3. სამსახურის საშტატო ნუსხას მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს გენერალური დირექტორი.

4. სამსახურის გენერალური დირექტორი შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის დაფინანსებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ და წარუდგენს მინისტრს. სამსახური ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებით. სამსახურის ხარჯები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იქნეს ცალკე პროგრამული კოდით (კოდებით), რომლის (რომელთა) განმახორციელებელი იქნება სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

5. სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. სამსახურის გენერალური დირექტორი წელიწადში არანაკლებ ორჯერ წარუდგენს მინისტრს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ.

6. მინისტრის მოთხოვნის საფუძველზე სამსახურის გენერალური დირექტორი ვალდებულია წარუდგინოს მას რიგგარეშე ანგარიში თავის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.

7. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია ამ კანონით გათვალისწინებული ცალკეული უფლებამოსილებები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გადასცეს პირველ მოადგილეს/მოადგილეს.

8. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში პენიტენციური სისტემის წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ და ცალკეული ამოცანების შესრულების მიზნით სამსახურის გენერალური დირექტორი ქმნის სამსახურის დირექტორატს, რომლის შემადგენლობაში, როგორც წესი, შედიან სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისა და პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელები.

9. სამსახურის გენერალურ დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და 2 მოადგილე, რომლებსაც სამსახურის გენერალური დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

10. სამსახურის გენერალური დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − ერთ-ერთი მოადგილე. სამსახურის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის/მოადგილის საკურატორო სფეროები განისაზღვრება მისი დანიშვნის შესახებ ბრძანებით.

11. სამსახურის გენერალური დირექტორი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურისა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეებს.

12. სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3523 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3128 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5392 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/8.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
